ყოველთ-დღიური #9


ყოველთ-დღიური #9

სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი 

-ვეღარ ვწვდები, გესმის ? ოჯახისა და საკუთარი თავის თრევაც ჩემს დაღერილ ძვლებზეა გადაწვდომილი, მეხუმრები სამ მცირეწლოვანს ?! რაც თავი მახსოვს კოჟრებსა და ბებერებში გავახუნე ქალური სილამაზე, სიტყვა ქალურიც ზედმეტია, ნაადრევად დავქვრივდი, ქვრივების სევდა უფრო ადამიანურია, მაგრამ უფრო მძიმე,რაც თავი მახსოვს ვერცერთი გენიისა და ბუმბერაზის კალამმა შეძლო მისი აღწერა, ტყუილია გარჯა, ამაოა მეცადინეობა.

ხომ შეიძლება ერთხელ იმაზე ვფიქრობდე , როგორი კაბა შევიკერო, მაგრამ არა... არ შეიძლება, სირცხვილის საცეცები ცოცხლად მინელებენ როდესაც ჩემ თავს მოვლილსა და კოხტას წარმოვიდგენ. მირაჟია , მაგრამ მირაჟებსაც ვუფრთხი... 

რა შემრჩენია ?! შრომა, შრომა და შრომა, პატიოსნად, ნაქურდალის გარეშე. ახლაც აქ შემოვედი შელახული 5 დოლარიანით,საჭმელსაც კი გავურბივარ, მაგრამ რა ვქნა, ენერგია მჭირდება ბავშვებისთვის, ვირივით ფეხზე დგომა აქა-იქ კვებასაც მოითხოვს საჭიროების და არა პირადი სიამის გამო.

სტუმრებმა გალეშილის შეძახილს მიაპყრეს სასმენელი.

-ლოლა, ჩემო ლამაზო ! ერთ 5 დოლარიანს მე დაგიმატებ თუ მახლობელ არკაში გაისეირნებ ჩემთან ერთიოდე საათით.

-თუ არ გრცხვენია ნაბიჭვარო !  ქალის ფასიც არ იცი , პირადად მაინც არ ვიცნობდე შენ ცოლს, აქედან პირდაპირ მასთან მივალ და ყველაფერს ჩავურაკრაკებ, ნაკაცარს პატიოსანი საყრდენი არ ეკუთვნის.

-ვიხუმრე, ლოლა, რამ გაგაცოფა.

-5 დოლარი ! აი რა  ვღირვარ, წყეული 5 დოლარი ! 

-ვიხუმრე , ლოლა... მე ვიხ... 

-მერედა ვინც შეესწრო ავყია ხუმრობას, ნუთუ არავის დარჩა გამბედაობა თქმისა მრთელი სიმართლის, ნუთუ ესღაა დღევანდელი ვაი-კაცების ჭეშმარიტება ! 

-ლოლა, მე , უბრალოდ...

-5 დოლარი ? არა ?! 5 დოლარი ! 

-მაპატიე, ლოლა... მე არ... არ ვიცოდი...

-10 დოლარი და არანაირი საათი, მხოლოდ 10 წუთი გაქვს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი