უღმერთოდ ახლოს


,დავხუჭოთ თვალები და დავრჩეთ მე და შენ”
ვუთხარი,მაგრამ  ის შავ მანტოს მიაქნევს,
მისი თმის ღერები ერთმანეთს წეწავენ,
საცაა გადაჭრის იმ ტაძრის ფილაქნებს,

რომელშიც ოდესღაც ერთად ვიდექით.
ის  უფრო მშვიდი მე კი მღელვარე...
ვინ იცის რამდენ ჯვარცმას ვითმენდი,
რამდენ აღდგომას მის შემხედვარე?!

მიდის,თან მიაქვს ჩემი ქალაქი
და რომ შემეძლოს სულსაც
გავატან.
ხელში კანკალებს ჩაის ლამბაქი
ასე სულელიც არ ვარ არადა,

ავდგე და ვდიო  სიგიჟე მოვლილს.
ნაბიჯით უკან, ღმერთმა დალახვროს!
ვით ნამზეური თებერვლის თოვლი
ასე რა ძალამ უნდა დაგადნოს?!

არა!არ ღირდა,ფორთხვა ვნებებში.
მისი სურვილით ყველაფრის ნდომა.
როგორც ნეკერჩხლის ბოლო ფურცელი
სახეზე მაცლის კანს შემოდგომა.

მიზის წინ,ასე უღმერთოდ ახლოს.
თან აქვს ბროშურა ,,სიამის ტყუპი”
ჩემი ფინჯანი ხელის გულს ათბობს
გამშრალ სასას კი,წყლის ერთი ყლუპი.

იცი?!მე ახლაც სკივრით ვინახავ
ჩემს ფანჯარასთან ათასჯერ ჩავლილს,
სურნელს საყვარლის. შენ არ გინახავს 
აქ სექსის შემდეგ რგოლები კვამლის.

ქარი ქრის,ისევ სიშორის ქარი
ზოგჯერ ზეცაზე როგორც ვენერა
უგონო სხივით  ღრუბლებში დაძრწის
როცა ქრება კი ვფიქრობ მერე რა

თუნდაც გადამწვარ მინდორს ვთიბავდე.
წიგნიდან მზერას შენსკენ ვაპარებ.
ნაცვლად რომ შენგან აზრებს ვიცავდე,
მე ჩემს გონებას სრულად გაბარებ!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი