მარტო ხარ ისევ...


მარტო ხარ ისევ..არ არის ვინმე..
გღვიძავს და ღამეს ჩასძინებია..
შემოპარულა სარკმლიდან ქარი,
გული მასაც კი ჩაფიქრებია...

დროის მანქანა სიჩუმეს არღვევს...
წამის სვლა ნეტავ რისი ბრალია?..
რას გვიამბობენ ნეტავ ისრები,
ხტუნვა -წაკწაკით როცა გარბიან?..

სამია უკვე და შუაღამეა...
უსიტყვოდ ამბობ , რომ არ გცალია,
რადგანაც თუთუნს ახვევ თითებით....
ჩემთან წვიმს...ვამბობ : - წვიმა მშრალია...

შენ ერთგულებას მასწავლი ისევ,
ღალატისაგან თურმე დაღლიხარ
და გამზადებულ უკვე პაპიროსს
სრისავ თითებში..თითქოს ქალია!..

ჩუმად ვიღიმი..თვალებს ვხრი დაბლა..
წამწამნი ერთურთს მჭიდროდ ჩაკვრიან.
გვიანი არის და შიშველ მხრებზე
ქერა ნაწნავი დამყრი - დამშლია...

გამთენიისას გნახე სიზმარში,
ჩახუტებოდი ჩემს მკერდს, ხალიანს,
ჩუმი ჩურჩულით იმეორებდი,
სიგარეტი რომ თითქოს ქალია

გრძნობის ტუჩებში გამომწყვდეული
და უნდა გახდე მისი გალია!..
ეფერო, შესვა, შენში აგროვო,
თუ კაცი ხარ და ქალი ქალია!.

 ანასტასია შიშინაშვილი 15.06.2016
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი