ბაჩანა ჩაბრაძე - ფოტო

ბაჩანა ჩაბრაძე

მთარგმნელი, პოეტი

0 186

ამაოება ამაოებათა


წარსული მომავლით დაობლდა.
ტყუოდა, ვინც მასთან დავობდა,
იმ დროის ხახაში დაობდა
ებანი.
არ არის ვარსკვლავთა დაძმობით,
ქიმერულ ღამეთა ანცობით
და უბედურებით ნაცნობი
შვებანი.

მიწაზე, სიცივე მწვერვალთა
რად იყო უდაბნოს ღელვა და
აღგზნება ცეცხლების ელვათა
და მეხთა?
ოაზისს საიდან მოველი?!
აქ არის ამაო ყოველი!
სუყველა დარდჩამომთოველი
დამიხვდა.

ქარია ჩემი, თუ სულია,
დამთავრდა და გარდასულია.
სიზმარიც დაიმსხვრა სრულიად
ლანდებად!
მათოვდა - მაწვენდა, მაწვიმდა...
გაცივდა, უდაბნოც გაცივდა.
ისიც, რაც ტკივილებს გაცრიდა,
მადნება.

და შენიც აიმღვრა თუ ყურე,
სანამდე გინდა, რომ უყურო -
მსოფლიო უთვალო, უყურო
ხარობდეს?!
იღვრება შხამად და გესლებად!
მე მისთვის აროდეს მეცლება,
ჩემთანაც არ შემოესვლება აროდეს.

მაღლიდან დავცქერი დაბლარებს -
ვინ - ქვესკნელს, ვინ ზესკნელს აბრალებს...
და თოვლო, შენც ვეღარ ნაპრალებს
დამითოვ.
მე მართლა ვერავინ გამიგებს,
ვერც - კაცი, ვერც - ბედის გამრიგე.
ავიგე, სამყარო ავიგე
ამიტომ!

ყოველი რომ გააათასდა,
ნაპირს კი ვერავინ გადასცდა,
ვინ იცნობს შორიდან მართლაც და
გარიყულს?!..
და თუმცა მსოფლიოს მოედო,
რომ უფალს სჭირდები ნოედო,
დუმილი! კრინტიც კი, პოეტო,
არ იყოს!

"მთვარის სიმთვრალე", მერანი 1996
კომენტარები (0)