ფსკერი


ზღვა იყო ფიქრთა უღრმესი და შავი მორევი.
შენ ნაპირისკენ გამოგრიყა ტალღამ ულაყმა.
ფსკერს დაუტოვე უნაზესი ნაამბორევი
და დაქანცული, გაეკარი ქვიშას გულაღმა.
 
ო, არანაირ თეორიის შენ არ გჯეროდა, 
არც - საქმიანი სახეების და ჩახველების,
შენ კაეშანი გიზიდავდა წამწამთ ჩეროთა
და უმიზეზოდ დაშვებული, დაბლა, ხელები.
 
წევხარ დაღლილი, დაგრჩენია მხოლოდ ლოდინი,
გახსოვს ალმასიც და ჭაობიც აშმორებული
და იცი მხოლოდ, ახლა, როცა წევხარ ლოდივით -
კაცობრიობას ამ ზღვითა ხარ დაშორებული.
 
კაცობრიობას, სად უმიზნოდ და გულუბრყვილოდ
გაცვდა ბილიკი მერნისა და ცხენთა ჭენებით,
რომ ყოველივე წარმოდგენა იყო უკბილო
და ამ ზღვის ფსკერი ემუქრება გადაშენებით.
 
ო, ეს სილურჯე საუკუნეს რამდენს იკავებს!
არც აივსება, როგორც ხიდი არ გაიდება...
აჰა, ოდესღაც ცუნამებთან მოფარიკავე,
უძირო ფსკერზე განისვენებს შენი დიდება.
 
და შენ ინატრებ, რომ ნაპირზე მომკვდარიყავი,
რომ ცამ აცრემლოს შენი ტვინის გახრწნილ ხეობებს...
მერე ტალღები ახალ ცხედრებს გამორიყავენ
ამაოების მანტიაში გამოხვეულებს.

"მთვარის სიმთვრალე", მერანი 1996
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი