კაცი


რიჟრაჟზე, იგი არ დალევს ჩაის,
როგორც სუყველა, ესეც მოსწყინდა.
აუღელვებლად, კიბეს ჩაივლის
და სხივს დაიჭერს მზის სიმორცხვიდან.

მოიფშვნის თითებს, მოსინჯავს ჯიბეს,
კვამლს გადაყლაპავს - სურვილს ერთადერთს.
მერე უკანვე აივლის კიბეს
და ასე ივლის, ალბათ, ღმერთამდე.

აივლის კიბეს, მოვა ოთახთან,
შევა ოთახში ნაცნობი კარით,
სადაც ძველ ჭერზე მზე გადმოთაღდა
და საიდანაც ცას ხედავს გარეთ.

დარჩება თავთან… და იცის კაცმა -
არც ვინ აკლდება, არც ვინმე ავსებს,
რომ ჩვევად ექცა ყოველდღე ჯვარცმა,
რომ სიკვდილამდე იქნება ასე,

რომ დანაყულ წყლის აღარ ღლის ნაყვა
და არ სჭირდება ღმერთი მოწყალე.
დედის მუცლიდან მას ჩვევად დაჰყვა,
რომ სიკვდილამდე იყოს ცოცხალი.

მარტოა იგი… და გრძნობს სიმშვიდეს
ყოველ ღამე და ყოველ ცისმარე.
ვიდრე ძილისწინ თვალს მოიფშვნიდეს,
მან უკვე იცის ხვალის სიზმარი.

და სუნთქავს კაცი… და ცხოვრობს ვითომ -
ცოტა სუსტია იგი ამაში,
მაგრამ სანამდე არსებობს თვითონ,
სხვა კაცთა როლებს არ ითამაშებს.

ჩაივლის კიბეს და სხივდაყრილი
კვლავ შეისრულებს სურვილს ერთადერთს -
მზეს შეაბოლებს მზისგან დაღლილი
და კვამლს აჰყვება, ალბათ, ღმერთამდე.

"მთვარის სიმთვრალე", მერანი 1996
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი