ვერლენი პოლ - კაბარეთა ხმაური


კაბარეთა ხმაური. ტროტუარის შლამები.
გაძარცული ჭადრები, ავდრით განაწამები.
ომნიბუსი ჭრიჭინა, ძლივს რომ იჭერს ბორბლები,
რკინის კორიანტელი, ლაფით დანადორბლები,
ზანტად რომ მიხრიგინებს, წითელ-მწვანე შუშებით.
წევა-წევით, კლუბისკენ მიმავალი მუშები,
ჟანდარმების ცხვირის წინ ახრჩოლებულ ნაღვერდლით.
ნესტი სახურავიდან კედლებს ჩამონაღვენთი.
ქვაფენილი დამსკდარი და ზედ გუბე მრავალი.
- ასეთია ჩემი გზა, სამოთხისკენ მავალი.

1870

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი