რემბო არტურ - მწვანე კაბარეში


რვა დღის მანძილზე, ოღროჩოღრო გზაზე ყიალით 
გავცვითე ჩექმა. შარლერუას მწვანე კაბარეს 
შევაღე კარი: მიმტანს ვთხოვე კარაქიანი 
ტარტინები და გრილი ლორიც თან დავაბარე. 

ფეხები მწვანე მაგიდის ქვეშ გავშალე ხარბად, 
თავშექცეულმა კედლის მდარე ხალიჩის ზვერვით… 
და რა საამო იყო წუთი, როდესაც ქალმა 
უზარმაზარი კერტებით და ცოცხალი მზერით, 

იმან, რომელსაც არ აშინებს ალერსი მამრთა, 
პირმომცინარემ, ფერადოვან სინით მომართვა, 
კარაქიანი ტარტინები და გრილი ლორი, 

ლორი ღაჟღაჟა, ლორი თეთრი და ნივრიანი
და ჩამომისხა კათხა ლუდი, სქელქაფიანი, 
მზის ბოლო სხივს რომ ირეკლავდა ოქროვან ქლორით!

1870

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კრებული - კოტეტიშვილის პრემია 2010", დიოგენე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი