სინდისი არ იყიდება?


სინდისი არ იყიდება?..
სიმართლე თავსაც გაიტანს?
ციციგორეებს დიდება!
ქვეყნის ტალახი მარიტას.
სამშობლო დაემშვიდობა
დემაგოგსა და ბნედიანს.
მაშ, რაღად ხვდება გულს დარდი?
ცხელი ტყვია კი გედიას?
ზოგი საბჭოეთს მისტირის,
ბევრი ევროპის ,,შნირია“.
,,ჩვენივე თავი ჩვენადვე!“
არვინ არ წყალობს ილიას.
ახლაც, ხალხს ბევრი აბოლებს...
გზას ტახტისაკენ იკვალავს.
ჩიჩია კაკა ბობოლებს,
ხმელი პური კი -- ნიკალას.
ეს სიტყვის კონაც ჰობია...
არ მწყალობს ლექსის ღმერთი მე.
მრავალ გამაძღარს ჯობია,
ერთი მშიერი ექვთიმე.
სამშობლოს ჩავეკონები,
ვკალმასობ, ვიქეც ალმასად.
ვერ აჯობებენ მონები,
ერთ კათოლიკე საბასაც.
ვაჟებად დაბადებულნი,
არ თაკილობენ კაბასაც.
რას ვიფიქრებდი ოდესმე,
მოვესწრებოდი ამასაც...
ადამის კარგად გაცნობა,
თურმე არ არის ადვილი.
დღეს იყიდება კაცობაც,
თავშალთან ერთად მანდილიც.
უფალო! შემოქმედებად
სულშიაც შემოიჭრები.
ხვალისთვის მეიმედება,
ლამაზი გოგო - ბიჭები.

2016
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი