ერთ საღამოს ბაბას ვკითხე


ერთ საღამოს ბაბას ვკითხე:- საიდან მოდის ჩვენი გვარი,
აქ საიდან ჩამოვსახლდით, სად ვეძებო გვარის კვალი,
ვინ ვიყავით მტრის მოსვლამდე, ვინ დაგვარქვა ჩვენი გვარი,
ვინ ააგო თხილის ფაცხა, ვინ დაანთო ცეცხლი კვარით.
პირველად ვინ გააღვიძა, დაცვარული კორდის ნამი,
ვინ უმღერა თავის პირმშოს, იავნანა სანუკვარი,
ის ვინ იყო, ვინც პირველად, მიესვენა ამ ჩვენს მიწას,
დიდების ძეგლს დავუდგამდი რომ ვიცოდე დედას ვფიცავ.
მე ძალიან მინდა,მინდა, მივაღწიო ჩემს საძიებს,
წინაპრების ნაკვალევზე, გავაშენებ ვარდს და იებს,
ყველას დიდ პატივს მივაგებ, არ მექნება ვინმეს ვალი,
წინაპრების კვალს რომ ვნახავ, გაიხარებს ჯიშიც, გვარიც.
ვიცი მტერთა ბატონობამ დაგვამჩნია დიდი კვალი,
მონასტრები შეგვბილწა, შეგვირცხვინა ქრისტეს ჯვარი, 
აგვაოხრეს,ამოგვაგდეს, გაგვითელეს ჯიშიც , გვარიც,
ყველაფერი დაგვავიწყეს და დაგვადეს დიდი ვალიც.
ვაზი სულ მთლად აგვიჩეხეს, დაგვიკარგეს ფიქრი ხვალის.
რჯულზე უარი გვათქმევინეს, გადავშენდით თითქმის, ლამის,
დედას რომ არ ევაჟკაცა და ეძინა მასაც ღამით, 
ენასაც დაგვავიწყებდნენ და თან იხარებდნენ ამით.
ეხლა რაღა დროისაა, აღარ გვმართებს მათი ვალი, 
მაგრამ ჩვენმა ხალხმა ეხლაც, ვეღარ აახილა თვალი,
პირზე ფარდა აიფარეს, აღარ უნდათ ხილვა ხვალის,
მტრისგან აქ მოტანილ რწმენას, ებღაუჭებიან ძალით.

წინაპართა კვალის ძებნით, ყველა მხარე მოვიარე,
ხიხანიდან გონიომდე ირგვლივ მიწა გადავთხარე, 
სხალთის კედლებს დავაკვირდი, ვნახე ხალხის ნაოფლარი,
ოჰ, რამდენი უშრომიათმ გუმბათს ადგას ქრისტეს ჯვარი.
ვნახე ჩვენი წინაპრების, ნაჭაპან და ნაოფლარი,
ნაომარი, ნასოფლარი, ხალხი მეტად ნაშფოთვარი,
გული ძლიერ ამომიჯდა, ეს რომ ვნახე ჩემი თვალით,
ამის შემდეგ მე გავივლი,წინაპართა ფეხის კვალით.
ძველ ადგილებს რომ ვაკვირდეთ, ყველას აქვს ძველი კვალი,
სახელები გვიამბობენ, ვინ ფლობდა და ვისი გვარი,
ზოგს ნაცერცვალს ეძახიან, ზოგიც ღვინის უბანია,
ზოგსაც ციხისყელი ჰქვია, ზოგიც საყდრის უბანია, 
რაც არ უნდა ვასახელო,ყველა ქართველთ უბანია,
ვინც წინაპრის კვალს იპოვის, ყველას ძლიერ უხარია,
ჩემი ვერსად მივაგენი.ვერ შევავლე ვერსად თვალი,
ბაბი, რატომ არ მპასუხობ, საიდან მოდის ჩვენი გვარი?

ბაბამ თუთუნს მოუკიდამ ჭერს შეხედა ჭკვიან თვალით,
ყალიონი გააბოლა, ჩაახველა თითქოს ძალით,
სექვიდან ზანტად წამოდგა, მორცხვად გამისწორა თვალი, 
მერე მწარედ გამიღიმა და თან გააქნია თავი 
ვიცი შერცხვა , რადგან მანაც, არ იცოდა გვარის კვალი,
თანაც მიხვდა რომ დაედო მას შვილების დიდი ვალი.
ასე მითხრა: ჩემო შვილი! შენ იმედი გქონდეს ხვალის,
ვინც რომ ეძებს ის პოულობს, ასეთია მისი ვალი,
კვიცი გვარზე ხტის და შენაც, მიაკვლიე გვარის კვალი,
არ ვიცი და როგორ გითხრა საიდან მოდის ჩვენი გვარი.

ერთხელ მე ჩემს ნენეს შევხვდი, რომ აკრავდა ის მჭადს ღამით,
მჭადზე ჯვარი გამოსახა, მე გავგიჟდი თითქმის ლამის,
ნენეს ვკითე რასა შვრები, რად დაასვი მაგ მჭად ჯვარი?
შენ ხომ მაჰმადს ფიცულობ და ისე კი გაქვს ქრისტეს ვალი,
მოდი აქეთ შემომხედე, გამისწორე ორნივ თვალი
დაფიქრდი და მიპასუხე საიდან მოდის ჩვენი გვარი?
ნენემ გულში ჩამიხუტა, აუცრემლდა საწყალს თვალი, 
სექვზე დაჯდა, გვერდს მომისვა, მოიწმინდა ორნივ თვალი,
ასე მითხრა: -შვილო წინათ აქ ყოფილა ეკლესია, 
მაგრამ სამასი წლის წინათ, მას თურქები შეესია,
ჩვენმა დიდმა წინაპრებმა,ქრისტეს ჯვარი მოიპარეს,
პერანგას მთა გადიარეს და შემოქმედს ჩაიტანეს.
შემოქმედის ბერმაც ჯვარი, იქ მყოფთ ყველას დაანახა,
დიდი პატივის მიგებით, მან სათუთად შეინახა.
მჭადზე ჯვარის დასმა შვილო,ეს ძლიერ დიდი მადლია 
დანარჩენს შენ თვითონ მიხვდი, რაც არ ვიცი, რაც მაკლია,
ვიცი ეს ვისი ბრალია, ვინაც დაგვიკარგა კვალი,
ვინც გვავიწყა წინაპრებიმ ვინაც დაგვიბრმავა თვალი,
ვგრძნობ შვილო რომ შენს წინაშე, მეც რომ მადევს დიდი ვალი 
არვიცი და როგორ გითხრა - საიდან მოდის ჩვენი გვარი.
. . .
არ გეგონოთ უთვისტომო, ჩამოსული აქ დევნილი, 
ქართველი ვარ სულით გულით, ქართელი დედის შობილი,
მარტო არა ვარ ასეთი, სულ ყველა ამ ჩემს დღეშია,
მე რომ ვეძებ სხვაც მოძებნის, იხარებს მათი ჯიშია.
გვარის ფუძის ძებნისათვის, არ დავიშურებ არც ერთ წუთს,
რომ მივაგნებ იმათ საწყისს, ამით დავიჯერებ ჩემს გულს,
რადგან ვიცი ჩემი შვილი, ერთ საღამოს მეც რომ მკითხავს,
ბაბი! რას ჩაფიქრებულხარ, რატომ ხმას არ იღებ დიდხანს,
მოდი აქეთ შემომხედე, გამისწორე ორნივ თვალი
და თუ იცი მიპასუხე საიდან მოდის ჩვენი გვარი.

მე თუ შევძელ, მივაგენი, წინაპრების კვალს და ბუდეს,
არაფერს არ დავიშურებ, გადავლახავ ყველა ზღუდეს,
თქვენი სულის სადიდებლად, ავაყუდებ ზეცას კიბეს,
თქვენი გვარი დავივიწყო, არ ეგონოს არსად ვინმეს. 
მე თქვენს საფლავს გეფიცები, რომ არა ვარ თქვენთვის მკვდარი,
სანამ ვცოცხლობ თქვენც გაცოცხლებთ, ბადიში ვარ თქვენი გვარის,
შემოვივლი მთელს გურჯისტანს, რომ მივაგნო მათი კვალი
რადგან შვილების წინაშე მე არ მქონდეს მათი ვალი,
შვილებსაც და ბადიშებსაც, მედგრად გავუსწორო თვალი,
და მათ გაბედულად ვუთხრა საიდან მოდის ჩვენი გვარი.

20. 09. 1995. წ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი