რაა ბავშვობა?


ბებიების ხსოვნას.


რაა ბავშვობა? ორი ფოტო და
ცას გაფრენილი ეტლი.
ჩემი თითები - მსხვილი, ბოტოტა
შენი - გრძელი და თეთრი.

ვეხები ჩემ ხელს, შენხელ-შენახებს
და თმებზე ხელებს ვისმევ.
რა იქნებოდა ერთხელ მენახე, 
ერთხელ გვემღერა ისევ.

ვგავარ, ცივ-ნიავ-მონაბერალი,
შევარდენს, ფრთებ-მოკეცილს.
ჩემით დაღლილი, დარდ-ნაბევრალი
ბებო ეგ სახე მეწვის!

საით გადაქრა შენი ხელები, 
რომელ ვარდებში გპოვო? 
შენი ზღაპრები და ნამღერები
რომელ ქარს გამოვთხოვო? 

გამართე ჩანგი, გახსენ წინკარი
სიმღერა ააქუხე.
მე, ნაალვარი და ნაწიფლარი
დამძარ, ამომამუხე.

ბებო, დავხვეტავ, ცეცხლს გაგიღვივებ
წყალსაც მოგიტან ჭიდან, 
თუ მაგ ფოტოდან კვლავ გამიღიმებ
კვლავ გადვიქცევი ჩიტად

ავალ, ღრუბლებში გამოვერევი, 
უფრო ახლოდან გიგრძნობ
და სანამ ძალა გამომელევა
კვლავ დამიყვავო ვინძლო.

რაა ბავშვობა? ორი ფოტო და
ცას გაფრენილი ეტლი.
ჩემი თითები - მსხვილი, ბოტოტა,
შენი - გრძელი და თეთრი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი