თრიალეთი


მე აქ დავიწყე ლექსების წერა, 
აქ დავასრულე ბავშვობა ჩემი.
აქ არ ამშრალა ის ცვარი ჯერაც, 
ჯერ არ გასულა ნისლების გემი,

გემი, მინდვრების ზღვაში მცურავი,
ტყეთა კუნძულზე ღუზის ჩამშვები,
ვით ნაავდრალი ღამის ცუნამი.
ცა, ელვა-ხმალის ნაქარქაშევი.

ჩვენი სიმღერა-სიცილის ხმები,
ჯერ ისევ ექოდ ისმის ამ მთებში.
ხმაურობს ღელე, გვიხმობს, ვერ ხვდება,
რომ ჩაგვლექვია სიმუქე თმებში.

წამო, გადავყვეთ ნისლის ხომალდებს, 
ისევ მივაგნოთ კაშკაშა მაისს.
ზამთარ-სიბერის ჩამოდგომამდე
ბავშვნი თუ არ ვართ ვიბავშვოთ მაინც.

წამო, სანამ დევს ის ცვარი ჯერაც,
წამო, სანამ არ გასულა გემი.
მე აქ დავიწყე ლექსების წერა,
აქ დავასრულე ბავშვობა ჩემი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი