მეტი არაფერი, ბატონო


მოწყალეო ბატონო, 
შემიხსენით თასმები. 
თქვენ წინ განისვენებს თეთრბოტასებიანი ჩემი ფეხები. 
ისეთი დაღლილი, გამობერილი იისფერი ძარღვებით. 
ბატონო, მომაშორეთ ტანსაცმელი, რას ელით. 
მანდ თორმეტი ღილია, ჩახსენით. 
ეს მარჯნისფერი თეთრეული, 
ეს ყელში წაჭერილი ზოლიანი პერანგი, 
ეს თეთრი წინდები, 
ეს შეუცვლელი ჯინსი. 
ამ ხუთი წუთისთვის, თქვენთვის ჩავიცვი. 
სრულიად საკმარისი ხუთი წუთისთვის, 
რაც მჭირდება თქვენს პარალელურ სამყაროში შესაცურად. 
თითქოს მოლივლივე სარკეში შევაბიჯე და გავწყალდი. 
მოწყალეო ბატონო, 
თქვენი ხაოიანი ენის განკარგულებაშია ჩემი სახე - მომაშორეთ ლურჯი გრიმი. 
ეს საინტერესოა - რა დარჩება თვალების ადგილას. 
მტვერზე არ იდარდოთ, ბატონო, 
ამ სამყაროებს შორის წინ და უკან სიარულისას 
მტვრიანი გზაც მხვდება ხოლმე - ჩამოვიფერთხავ. 
ბატონო, მე საშინელი მეძონძე გახლავართ, 
ამიტომ, ნაზად გამხადეთ 
და არც ერთი ღილი არ დამიკარგოთ. 
რადგან თქვენ მერე, 
ისევ უნდა ჩავიცვა, 
სხვა კარი შევაღო და ვთქვა: 
რა მძიმე დღე იყო, არაფერი მკითხოთ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი