ქართულ მიწაზე


მე იმ ტკივილზე მინდა მოგიყვე,
ასახსნელად რომ ასე რთულია.
ქართულ მიწაზე ვდგავარ და მიკვირს,
იმდენი უცხო ნაფეხურია. 

მე რომელ მტერზე უნდა გიამბო?! 
- ჩვენს მიწას ყველა გულში კორტნიდა,
უმხედრო ვეღარ ხედნეს  იაბო,
სისხლის ამღვრევა სურდათ როდიდან?!

და სისასტიკით ვინ ვის სჭარბობდა?
ყველა ამ მიწის იყო სახადი,
ყველამ თავისი რაღაც დატოვა:
ზოგმა შური და ზოგმაც ღალატი.

ჰო, ყველა მტერმა კვალი დატოვა:
ღვარძლის და ბოღმის თითო ნატეხი,
და ვასამარებთ  დღესაც დიდკაცებს,
გადამთიელთა მავნე ნასხლეტით

და ამიტომაც შადიმანები
თუ ფარსმანები დღემდე მოდიან 
და უნებურად ჩვენი ბრალია,
 რომ ჩვენი მიწა ერთი გოჯია. 
... 
მე რომელ მტერზე გიამბო მითი, 
დასაჯერებლად ყველა რთულია...
ქართულ მიწაზე ვდგავარ და ვტირი, 
იმდენი უცხო ნაფეხურია.

/ელისო ფიჩხაია/
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი