უცრემლო სიკვდილი

__________ 
შევწუხდი ამდენ ფიქრითა, 
აღარც მწადიან მღერაო, 
ცას მდგარო ნისლო, ღრუბლისავ, 
შენც დაგიტირებს დედაო, 
ვის გაუგია რომ მკვდარსა, 
ცრემლ არ აბნიონ ზედაო. 
__________ 
დაიტირებენ მოყმესა, 
გულის წადილით დიაცნი, 
ვაჟნი იტყვიან შენდობას, 
ღმერთის წინაშე ფიალით, 
ხედავ? ღრუბელო ოხერო, 
სიკვდილი რა მწარე არი. 
__________ 
მაგრამ სიკვდილმაც ხომ იცის, 
სიცოცხლის ლაღი ბილიკი, 
მაგანაც იცის მოყმეთა, 
გულ-ნაგულარი ტირილი, 
სიკვდილ არს ჭირისუფალი, 
ვინც კი უცრემლოდ იქ მიდის. 
__________ 
არც მზესა დაავიწყდება, 
მოთქმა თავისა შვილისა, 
სხივები დაადნებიან, 
სახესა საცოდავისა, 
დაეტირება მოყმესა, 
ბალახი ეზო-კარისა. 
__________ 
მიწა მიიღებს მოყმესა, 
მიიღებს თავის შვილადა, 
ფარ-ხმალს იქ ჩააყოლებენ, 
პატრონსა ჰქონდეს რკინადა, 
ღრუბელო, შენც დაიტირებ, 
ცრემლებს ჩამაჰყრი წვიმადა! 
__________ 
გ.ზუბიტაშვილი 22.08.2018/18:25