გორვანელი

პოეტი, ფილოსოფოსი

0 197

ავტორის დაბადება


ტექსტის ქმნადობის პროცესში, ავტორი განუყრელია ტექსტისაგან, ის აღიჭურვება უზოგადესი ემოციით და ტექსტის პასაჟებიც მწყობრად, ლოგიკურად კონსტრუირდება. ავტორი და ტექსტი ერთი მთელის ორი ნაწილია, რომლებიც ერთმანეთისაგან გაყრილან... ,,საზოგადოების“ ვალია, რომ ეს ორი გაყრილი ნაწილი ნამდვილ განუყრელობას დაუბრუნოს, ანუ დაბადოს ავტორი, როგორც ტექსტი.
ისმის კითხვა: ვის შეიძლება ვუწოდოთ ,,საზოგადოება“? ვირწმუნოთ, რომ ,,საზოგადოება“ დაბადებს ჭეშმარიტ ავტორს?! აქ საქმეში უნდა ჩავრთოთ აღუქმელი, გაუთავისებელი, მარადიული დრო, რომელიც სუბიექტის მასაზრდოვებლად მოიაზრება. ეს დრო არ ცნობს საზღვრებს, არც ათვლის წერტილსა და მიზნის ვექტორს გვიჩვენებს, ეს დრო სუბიექტს უკვე ხვდება და განცდაც ამ დროში ისახება. ,,საზოგადოება“ წარმოადგენს ამ აბსტრაქტული დროის არამდგრად, ქაოსურ გამოხატულებას, რომლის ჭეშმარიტ მიზანს ტექსტიდან ავტორის დაბადება წარმოადგენს.
სინამდვილეში, ჩვენ არ ვიცით არსებობს თუ არა ავტორი, არც ის ვიცით - შექმნა თუ არა ავტორმა ტექსტი. ,,საზოგადოება“ ინტერპრეტირებს, საკუთარი ,,თვითმყოფადობიდან“ ამოზრდილ, შენიღბულ ,,მორალურ“ კატეგორიებს გვთავაზობს, სადაც ან უგულვებელყოფილია ტექსტი და მხოლოდ ავტორის კულტი დომინირებს, ან გაფეტიშებულია ტექსტი და ავტორის რაობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
ავტორი იბადება ტექსტთან ერთად!
მკითხველი (,,საზოგადოება“) შემფასებლის როლს თამაშობს, მაყურებლის როლს, რომელიც მოულოდნელად შეიძლება სცენაზე აღმოჩნდეს... ეს მუდმივი პროცესია, რადგან დროის ზოგადობა შემოუფარგლავია.
,,ავტორში“ ვგულისხმობთ როგორც პირდაპირი მნიშვნელობით ავტორს (ხელოვნების ნიმუშის შემქმნელს), ასევე იდეალურ სუბსტანციასაც (სამყაროს შემოქმედს); ,,ტექსტში“ კი, იგივე გაგებით  - სამყაროს. 
ავტორი არ არსებობს ტექსტამდე და ტექსტი არ არსებობს ავტორის გარეშე!
თანადროული დაბადება ქმნის ემპათიურ დარდს, რომლის შედეგადაც ავტორს ეკარგება ორიენტაცია, მიმართულების ნიშნული და მას ვეღარ გაურკვევია: მაყურებელია თეატრში თუ თეატრის სცენაზე დგას და როლს ასრულებს. ავტორი ცდილობს ტექსტთან და-ბრუნებას და საკუთარი ტექსტის მკითხველად გვევლინება.
ავტორი არ არსებობს თავისთავად, გარემო ფაქტორებისა და ,,საზოგადოების“ გარეშე, არამედ ის ნაწილია ამ მთლიანობისა... განუყრელი ნაწილია, გარდამავალი ნაწილია, არამდგრადი, ქაოსური ნაწილია.
,,საზოგადოება“ მაყურებელია, რომლის დაუნდობლობა სცენიდან მსახიობის  (ავტორის) ჩამოგდებით და ჩაქოლვით, ხოლო ,,მაღალმორალური სულისკვეთება“ მაყურებელთა რიგებიდან მსახიობის მოძებნით, შემდეგ მისი განდიდებითა და მის მიმართ რწმენით გამოიხატება.
ავტორი არ იბადება მიზანმიმართულად, რადგან მისი დაბადება არაერთჯერადი ფაქტია და კონკრეტული შედეგით არასოდეს სრულდება.
,,საზოგადოების“ შემადგენელი სუბიექტები პოტენციურ ავტორებად გვევლინებიან, რომლებიც იბადებიან ტექსტებთან ერთად.
ეს მუდმივი გაგრძელებაა!
ავტორი იბადება!
ავტორის დაბადება არ გულისხმობს კონკრეტიზაციას: ჩვენთვის მნიშვნელობა არ ენიჭება ვინ დაწერა ,,ილიადა“ და ,,ოდისია“, ჰომეროსმა თუ ,,ვინმემ“ (შეგიძლიათ, რა სახელის მოგესურვებათ ის იგულისხმოთ ,,ვინმედ“), მთავარია, რომ ,,ვინმემ“ დაწერა, ადამიანმა დაწერა, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში ცხოვრობდა. ტექსტი განზოგადდა. გარდამავალ საუკუნეთა კარიბჭეები დაამსხვრია და დღევანდლამდე მოვიდა...
ავტორის პოვნა ტექსტის დანა-წევრებით ძალგვიძს. 
ავტორი - ეს სუბსტანციური ელემენტია, რომლის გამოვლინებაც ნომოტეტური ნორმაა. 
სამყაროს არსებობას მუდმივად თან ახლავს სუბლიმაციური მეტამორფოზა, რომელიც სიმეტრიული სახით ზოგადდება და ქმნის აზროვნების ნომენკლატურულ ბარიერს, მისი გადალახვა კი, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გონება დაიცლება ყოველგვარი გარეგანი ცოდნისაგან. ეს მიმართულება ადამიანური სრულყოფილებისაკენ ,,მიგვაქანებს“, გვავიწყებს კაცობრიობის გამოცდილებას, მოცემულობებს, რომელთა დიდაქტიკური შინაარსი მახინჯი ფორმით: - მიბაძვით ეუფლება ადამიანურ გონებას. ადამიანმა უნდა მოინდომოს, რომ გონებისმიერი ჭვრეტითა და დაკვირვებით ჩაწვდეს სამყაროს მშვენიერებას, აპრიორულად აღმოაჩინოს და შეიმეცნოს უზოგადესი საგნები, რომელთა შინაარსობრივი დატვირთვა გახდება ზედროულ სინამდვილედ მისაღები. 
ცალსახაა იმაზე საუბარი, რომ ადამიანური აზროვნების პროდუქტია ტექსტი, ისევე, როგორც ავტორის ცნება. მაგრამ აქამდე ,,ავტორი“ გაგებული იყო, როგორც ტექსტის დამაზიანებელი, რომელიც მკითხველს უკარგავს თავისუფლებას, აქცევს კულტისადმი დაქვემდებარებულად. ამ ტექსტში, ჩვენი მსჯელობით, მიზანი არ მიიღწევა ავტორის განდიდების ხარჯზე, რადგან ავტორის დაბადება არ გახლავთ კაზუალურ პარადიგმაში მოქცეული ცალკეული შემთხვევა. ავტორის დაბადება უნდა გავიგოთ, როგორც ფუნქციურ დიქოტომიად გამოვლენილი სპეკულაცია, რომლის შინაარსიც სრულად ჰიპოსტაზირებულია ფაქტობრივი გამოსახვის ფორმებისაგან, ის ერთგვარი კატალიზატორია, რომელიც მოქმედებას ახდენს უშუალოდ საგნებზე, მაგრამ მისი თვისებები არსობრივად უცვლელი რჩება. იმისათვის, რომ ,,საზოგადოებამ“ დაბადოს ავტორი, სულაც არ არის საჭირო მიმართულება ან ძალდატანება, ეს ბუნებრივად ხდება, ყოველგვარი მონდომებისა და ძალისხმევის გარეშე. ამდენად, ბარტისეული ,,ავტორის სიკვდილი“ სრულ ნონსენსად გვევლინება, რადგან თუ უარს ვიტყვით ავტორის ცნებაზე, მაშასადამე უარს ვიტყვით ტექსტზე, როგორც უზოგადეს ინსტანციაზე. ჩვენი უპირველესი საზრუნავია, რომ არ დავანაწევროთ ტექსტის გაგება, აღვიქვათ და შევიმეცნოთ მისი მთლიანობა... ავტორის ცნება ხომ ამ მთლიანობის აღქმის შედეგად ყალიბდება.
საზოგადოების მხრიდან, ავტორის ცნება კონდიციონალიზმის მეთოდით იცვლება. მიზეზად მოვლენილი ,,ავტორი“ პერმანენტულად გარდაისახება, მისი გარეგანი ფორმები მიზნობრიობის მიხედვით გამოვლინდება, მაგრამ უცვლელი რჩება შიგთავსი, რადგან პირობათა კომპლექსის ცნება მხოლოდ გარეგნული, მოჩვენებითი ჩანაცვლებაა, მიზეზის ცნება კი, კვლავინდებური სახით მთლიანი რჩება. ამდენად, არისტოტელესეული ,,მიზნობრივი მიზეზი“ სწორედ ავტორის ცნებად უნდა გავიგოთ. 
ტექსტის მიმართ ,,საზოგადოების“ დამოკიდებულება გახლავთ განმსაზღვრელი ავტორის აღმოჩენისათვის. როდესაც ტექსტისა და ავტორის ცნებათა სინთეზური შერწყმა ხდება ადამიანის გონებაში, როცა ტექსტის ფაქტობრივი დანა-წევრება ხელის შეშლის ნაცვლად, პირიქით, გვეხმარება ტექსტის მთლიანობის გაგებაში, როცა ადამიანი ტექსტის ყოველ პასაჟს მოიხელთებს და აღარ ექნება გაორებული შეგრძნება, აღარ წარმოიდგენს სხვა, განყენებულ ინსტანციას ტექსტს მიღმა (რადგან ავტორი სწორედ ტექსტშია და არა მის მიღმა), აღარ შეიბოჭება და ტექსტს მიანიჭებს ყოველგვარ ძალაუფლებას, აი, სწორედ მაშინ დაიბადება ავტორი ტექსტში, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა; ავტორი დაიბადება ადამიანის ცნობიერებაში და აბსოლუტურად განხორციელდება ტექსტთან მისი იზომორფულობის იდეა.
ბარტისეული გაგება ავტორის ცნებისა გვევლინება, როგორც დოგმატიკოსი ადამიანის ,,გამოხდომის“ პროდუქტი, რომლის შეფარული შინაარსი პრიმიტიულად გაიგო მომავალმა თაობამ, შესაბამისად, მისაბაძ ჭეშმარიტებად იქცა მათთვის. მავანი და მავანი გამოდის პრეტენზიით, რომ ბარტმა ამ ტექსტში მახინჯი, ტექსტის დამაზიანებელი ავტორი მოაშორა ცნობიერებას და მხოლოდ ტექსტი წარმოგვიდგინა. სიტყვათა თამაშსაც კი გვთავაზობენ, თითქოსდა ,,ნაწარმოები“ და ,,ტექსტი“ ორი განსხვავებული ინსტანცია ყოფილა. ამ გაგებით გვებრძვიან სტრუქტურალისტები, რომელთა აზრობრივი დიაპაზონი ვერ სცდება ენის, როგორც სისტემის საზღვარს. ისინი ეწინააღმდეგებიან აზროვნების დამოუკიდებლობას და ენას ანიჭებენ განუზომელ უფლებებს. 
,,ენა ყოფიერების სახლია“ იტყოდა ჰაიდეგერი... მართალია, მისი ფილოსოფიური შეხედულებები არ ექცევა სტრუქტურალისტურ პარადიგმაში, მაგრამ სოსიურის გავლენას მნიშვნელოვნად განიცდის. ჰაიდეგერი სათავისოდ იყენებს სოსიურის დებულებებს, უშვებს რა ენის ზოგადობის შესაძლებლობას, მისთვის აღარ არსებობს არანაირი დაბრკოლება შექმნას უნივერსალური ტერმინები და სიტყვათა მნიშვნელობების ცვლილებით შეცვალოს სიტყვათა კავშირები. მისი სქელტანიანი ნაშრომი ,,ყოფიერება და დრო“ შეგვიძლია ამ აზრის ჭეშმარიტ დადასტურებად მივიჩნიოთ. 
,,სხვადასხვა ენაზე რომ ვსაუბრობდეთ, სამყაროსაც სხვაგვარად აღვიქვამდით“, თუ ვიტგენშტაინს დავერწმუნებით... მისთვის სამყაროს ონტოლოგიური სტრუქტურის იდენტურია ენის ლოგიკური სტრუქტურა, რაც იმთავითვე შეცდომად უნდა მივიჩნიოთ. ,,ონტოლოგიური სტრუქტურა“ ვერ იარსებებს განყენებული ფორმით, რადგან გნოსეოლოგიური სტრუქტურაა ადამიანური გონების პირველადი გამოძახილი, რომელიც მიემართება სამყაროს სუბიექტური შემეცნებისაკენ და ფაქტები ხდება ობიექტივაციის სახე, როგორც ბუნებრივი გამოხატვის ფორმა. ობიექტური რეალობის აპრიორულად არსებობის დაშვება აფერხებს აზროვნების განვითარებას. ენის ლოგიკური სტრუქტურა, ისევე, როგორც საგანთა დანიშნულება, ფაქტთა მნიშვნელობა და სამყაროს მჭვრეტელობითი აღქმა - ადამიანური აზროვნების პროდუქტია. 
ავტორის ცნება აზრშია, როგორც მთლიანობის ფორმა. სამყარო ტექსტია, რომელიც თანადროულად ბადებს ადამიანს (ავტორს), ენა კი, საშუალებაა, რათა სამყაროსა და ადამიანს შორის შედგეს კომუნიკაცია. ენა არ ეკუთვნის ტექსტს, ის ავტორს ეკუთვნის, რადგან ავტორის მთლიანობის ცნების გაგება წინ უსწრებს ტექსტის სიტყვებით გამოხატვას. სიტყვა უნდა მივიჩნიოთ ენის ერთ-ერთ კომპონენტად, ენა კი, აზროვნებისათვის მიღებულ ნორმად, რომელიც საჭიროა და არა აუცილებელი.
ჩვენი ტექსტის მთავარი მიზანი ,,ავტორის“ თვითმოძრაობის, ენტელეხიური გაგებისაკენ მიისწრაფვის და ღიად უპირისპირდება ენტროპიულ გაგებას, რომელიც ბარტთან, ფუკოსთან, ვიტგენშტაინთან და ლევი სტროსთთან გვხვდება. ჩვენთვის მოდერნიზაცია გაგებულია, როგორც სისტემამდელი ენერგიის დამახინჯება სისტემის გარდაქმნის შედეგად მიღებული ენერგიით, რაც ხელს გვიშლის სისტემის მთლიანობის, ანუ დადგენილი, პირობითი სისტემის აღქმისა და გათავისების შესაძლებლობაში. აქამდე, ავტორის ცნებას სწორედ ასეთი ქაოსური, ფრაგმენტული სახით იმეცნებდა ადამიანის გონება, რაც აბსურდულ შედეგამდე მივიდა. ავტორი არ არის ძალაუფლების ინვესტორი, არც ტექსტის დამაზიანებელი მახინჯი კულტი, ავტორი ტექსტიდან დაბადებული მთლიანობაა, სისტემამდელი სისტემაა, რომელიც ყოველგვარ დროსა და მოჩვენებით რეალობას აღემატება, ავტორი დამსხვრეული სარკეა, უძილობის სევდაა, მარადიულობის სიმბოლოა. როდესაც ტექსტის პასაჟების დანა-წევრების შედეგად აღვიქვამთ ტექსტის მთლიანობას, ავტორიც დაიბადება, ხოლო თუ შევეცდებით ავტორის მოკვეთას ტექსტისაგან, მას წარმოვაჩენთ, როგორც განყენებულ ინსტანციას, რომელიც ტექსტს ქმნის და შემდეგ ცნობიერებასაც ,,წამლავს“ თავისი დიქტატით, ჩვენ ვერასოდეს გავთავისუფლდებით, ვერასოდეს ავმაღლდებით ზედროულ სინამდვილემდე. 
ავტორის დაბადება - ეს ყოველგვარი მოჩვენებითობისაგან გათავისუფლებაა. იმ აზრამდე მისვლით, რომ ავტორი პერმანენტულად იბადება და რომ ეს შეუქცევადი პროცესია, ჩვენ ვაბათილებთ ყოველგვარ სპეკულაციას ავტორის ავტონომიურობის შესახებ. გვრჩება წმინდა ტექსტი, რომლის მიღმაც არავინ არ იმალება, რადგან ავტორი სწორედ ტექსტის მთლიანობაა, თავად ტექსტია ავტორი და ჩვენ აღარ ვსაჭიროებთ ავტორის სიკვდილს, პირიქით, ჩვენ მას ყოველ ჯერზე ვბადებთ, რამეთუ ტექსტის მთლიანობის აღქმა იმთავითვე ბადებს ავტორის ცნებას ჩვენში. ჩვენ არ გვჭირდება ავტორის სიკვდილი, პირიქით, ჩვენ მისი ყოველჯერადი დაბადება გვესაჭიროება. სამყაროს მიღმა არსებული შემოქმედის ,,საზრუნავს“ ვაშორებთ გონებას და ვტოვებთ სამყაროს, როგორც აუცილებელ პირობას, სამყაროს, როგორც ტექსტსაც და ავტორსაც. სამყაროდან ამოიზრდება ადამიანი, როგორც ტექსტიდან ავტორი და გადაიქცევა საგნად, რომელიც მთლიანობის ცნებად გამოვლინდება. ადამიანი სამყაროსათვის ისეთივე საგანია, როგორც ადამიანისათვის დედამიწაზე ხილული ყოველი საგანი. ამდენად, ადამიანი გამოვლინებაა იმ მუდმივობისა, რაც სამყაროს საზრისს გააჩნია. ადამიანი მუდმივად იბადება სამყაროს წიაღში, როგორც ავტორი იბადება ტექსტის წიაღში.
ჩვენ არ გავურბივართ ტექსტს და არც გვაქვს ამის პრეტენზია, რადგან ტექსტში ვხედავთ საწყისსა და სასრულს.
ჩვენ არ გავურბივართ სამყაროს, რადგან სამყაროს მიღმა არაფერი გვესახება: სამყაროში ვხედავთ საწყისსა და სასრულს.
არ არსებობს სხვა ენა, სამყაროს ენით ლაპარაკობს ადამიანი, რადგან სამყაროს ლაპარაკი არ შეუძლია... სამყაროს ენა არ ეკუთვნის სამყაროს, სამყაროს ენა ადამიანს ეკუთვნის. ადამიანი ალაპარაკებს სამყაროს, აპოვნინებს საკუთარ მთლიანობას. ადამიანი სპეკულირებს, გამოხატვის მრავალ ფორმას იყენებს და სამყაროს მუდმივობას აქცევს მოჩვენებით მოძრაობად. ეს გარეგნულად ქაოსური პროცესია, რომლის შინაარსიც უდიდესი მოწესრიგებულობით ხასიათდება. ადამიანი იმეცნებს სამყაროს, რადგან საკუთარი თავის, საკუთარი არსებობის საზრისის შემეცნება აქვს მიზნად. როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ საგნები არ არსებობს მისგან დამოუკიდებლად, როდესაც საგნებისა და მოვლენების ერთობლიობა მისი გონებისათვის გარდაუვალ აუცილებლობად იქნება მისაღები, როდესაც ამ მრავალშობილ ჭეშმარიტებათა მიზეზადაც და მიზნადაც საკუთარ თავს წარმოიდგენს, სწორედ მაშინ გადაიქცევა შედეგი მარადიულად მოძრავ მიზნად, მოძრაობის სუბიექტი და ობიექტი კი, მხოლოდშობილი ჭეშმარიტება იქნება, როგორც საკუთარი თავის ალტერნატივა დროსა და სივრცეში. 
ამ ტექსტით, შევძელით და გადავლახეთ ავტორის ავტონომიურობა, არა მისი განდევნის, მოკვეთის ხარჯზე, არამედ მისი პერმანენტული დაბადებით, ყოველგვარი გარეშე ფაქტორების ძალდატანებისა და სიძულვილის გარეშე. 
ტექსტის მთლიანობის გაგებით იბადება ავტორი.
ენობრივი მახასიათებელი გააჩნია ავტორს და არა ტექსტს.
ჩვენ გვაქვს ავტორის ენა; ტექსტის ენა - ეს დანა-წევრებული ტექსტის პასაჟებია, მთლიანობის გაგებამდე.
სამყარო ტექსტია, რომელსაც გააჩნია ენა, მაგრამ ის თავად ვერ მეტყველებს.
ადამიანი ავტორია, რომელიც სამყაროს ენით მეტყველებს.
ადამიანი სამყაროს ამეტყველებს.
ტექსტი ავტორის ენით მეტყველებს.
კომენტარები (0)