სიზმარნახული გარდაცვალებამდე


მე არ მომმართო, მე ვერ გეტყვი რაა სიმართლე,
ჩემი ფიქრები უკვე დარჩა ოცნების წყლულად...
ცხოვრების გზაზე აღმართ–დაღმართ მე გავიარე, 
უდაბნო შემხვდა, წყალი მქონდა, დავუსხი მწყურვალს.

გზა გავაგრძელე გადავლახე უდაბნო ლამის,
ჩემს წინ იშლება ეგზოტიკურ ქალაქთა ხედი;
საოცარია, მე განვცვიფრდი, აქ ფიფქი ბარდნის,
ამავდროულად მზეც აცხუნებს... სასწაულს შევხვდი.

აქ ზედმიწევნით ხალხიც თითქოს უჩვეულოა,
მხიარული სჩანს ყველა, მაგრამ მე სევდას ვხედავ.
ყველა ცალკეულ, შემოსაზღვრულ ალაგს დაჰყურებს...
მე არ შევჩერდი, გზა განვაგრძე, წინ ქალი შემხვდა.

მომიახლოვდა მშვენიერი, წარმტაცი, ნაზი,
თითქოს დავმშვიდდი, უცნაური შეგრძნება გაქრა...
გადაქანცულმა ამ სამყაროს დავძლიე ბრაზი,
ქალს ინტერესით დავაკვირდი, ღვთის მშობელს ჰგავდა.

მან გამიღიმა, მშვიდად მითხრა: ხედავ, მოხვედი?!
მე შენ გელოდი და მჯეროდა აქ შენი მოსვლის;

სამყაროსაგან წინანდელს ხომ არას მოელი?
თანამედროვე ეპოპეას ყოველთვის დრო ცვლის.

მეც გამეღიმა, მოსაუბრეს ვუთხარ ანაზდად,
რომ მის მშვენებას დაეჩრდილა თვით მზე და მთვარე,
რომ სილაჟვარდე მისი ეშხის სჩანდა ალმასად
და მის თვალებში დავინახე მე ჩემი თავიც.

მე დავინახე, როგორ მოველ ჩვილი ქვეყანას,
როგორ ვიცხოვრე, ვიღვაწე და გარდავიცვალე;
მე დავინახე, რომ ამაყად მიველ ღმერთთანაც
და მისი ქმნილი ილუზიაც გადავიარე.

მე დავინახე გამქრალიყო ირგვლივ ყოველი, 
მე და ანგელოზს დაგვრჩენოდა გარემო მშვიდი.
ცა, მზე და მთვარე კვლავაც იყო ჩვენთან მყოფელი...
ნაზი ნიავიც თან დაჰქროდა, მე ხელებს ვშლიდი

და დამეუფლა ნეტარების განცდა სრულებით,
ანგელოზი კი სიფარფატით შთაინთქა ჩემში...
სიცოცხლის სურვილს აღარ ვიჩენ, მე არ ვბრუნდები;
დღეს ხომ სიკვდილმა პიროვნება ცხად სრულყო ჩემთვის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი