0 157

მე არ ვარ აქვარიუმის კუ


მე არ ვარ აქვარიუმის კუ -
ამბობს კუ,
მე მახსოვს, როგორ დავცურავდი
ცოცხალ წყალმცენარეებს და კორალებს შორის
და წყალს არ ჰქონდა საზღვარი. 

პატარა, ბედუინი გოგონა 
მიდის მზის ჩასვლის მხარეს
და ჩადის მზესთან ერთად.
და ეს წუხილი ისეთივე უცნაურია,
როგორც წვრილფეხება ფლამინგოები ,
უდაბნოში ფლამინგოებს რა უნდათ? -
უკვირთ ცხვირპირახვეულ უცხოელებს,
მე კი მეტირება. 

მინდა დავბრუნდე
ჩემს ნათელ სახლში,
გავამზეურო ბალიშით 
გაგუდული წიგნები,
ან წავიდე პარიკმახერთან
და ვისმინო ჩემი თმების 
ქებათა ქება
და ამ თმებში შევმალო
მოჭმუჭნული სახე
და მშრალად და საქმიანად,
თითქოს -
გადაუღებელი სიზმრების შემდეგ,
დღემ გამოანათა,
შალივით შემოვიხვიო
გადამწვარი შემოდგომა, 
რომელსაც აღარ შეეძლება
სიყვარული ხეების და ცხოველების
და არ ვიფიქრო:

ეს უდაბნოც
ერთი დიდი ჩარჩოა.
ვდგავარ ქააბაში შეპარული ქრისტიანივით
და ვიმეორებ:
ვინც დაივიწყა გზა მდინარისკენ,
მდინარემ დაივიწყოს...
კომენტარები (0)