ვაცხადებ


ვაცხადებ და მეც ხელს ვაწერ,
რომ გადაურჩა ცეცხლს და მეწყერს 
ჰიუზის - ყვავი,
უაილდის - ციხე რედინგის,
გემი და ლანდი, გასაღები კარის რომ ვანდე
და ყვავილი - სახელად ვარდი.
წამოვიკიდე ჩემი საწყალი შიშები -
ღამის, მარტოობის, 
ჰაერის უკმარისობის,
ვინმე რომ შემხვდეს ქრისტიანი,
ან ქისტი შემხვდეს,
ან ანონიმი, არაბი და ირანელი
სინონიმები რომ ჰგონია,
გადავუცვლიდი დილაზე, 
ხალხზე, თევზში.
კრიალოსანსაც ვაჩუქებდი,
დამასკოდან ჩამოტანილს,
ცისფერს, კრიალას.
აი, ნიშანი ჩემი არგადაგვარების -
ძოწის ჯვარი,
აი, ღრუბლები - შხამიანი სოკოები
და ქვასავით გადაბმული წვიმები.
ნეტავ, რა იციან ცეცხლის შვილებმა,
ამ უფსკრულთშორისო მატარებლებზე
და დაობებულ ჭაობებზე?
აბა, ვის ახსოვს, 
დინოზავრების მწყემსი გოგონა - კლარა
და გუბესავით დამშრალი ყიყინა - 
"ბრილიანტის მწვანე"?
1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი