ფერადი ხეები


ჩემს გამოგონილ სიხარულში,
ზღვის წინ ვდგავარ, 
ზურგით მთებისკენ,
შეყვარებული -
ფსკერის სიმაღლეზე.
სინამდვილე კი ბევრად მარტივია-
ვიდრე ჩემი ქმარი ნადირობს, 
მე გამოქვაბულის კედელზე 
ვხატავ სარკმელს,
რომელიც ზღვას გადაჰყურებს
და ზღვიდან ამომავალ  მზეს, 
მზე თეთრია და გაცინებული.
ერთხელაც მეყოფა სითამამე, 
ამოვთქვა ეს სიჩუმე,
რომელმაც გადაფარა 
ყველა სანაპიროს ყველა კენჭი.
ერთხელაც მეყოფა სითამამე, 
გამოვაცხადო -
ეს თხა ჩემია და როგორც მინდა,
ისე გავყიდი!
გარეთ მობორიალე ამბებსაც, 
გავუღებ  ჭუჭრუტანებს, 
ვეტყვი - მობრძანდით, 
ყველანი დავეტევით!
და იმ ჩიტებისთვის,
ლექსების გალიებში რომ ცხოვრობენ,
მე დავხატავ ფერად ხეებს, 
გამოქვაბულის დასავლეთ კედელზე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი