ჩემი სიგარეტი III


[act 1: confess]

პოეტი არ იგონებს სევდას,
იგი თვითონაა ამ სევდის შემოქმედი.
...ჩემს ცარიელ ოთახში,
მეცემოდა ბნედა...
უიმედობის და მოლოდინის
ტვირთივით მძიმე ბნედა,
თანაც, მოხრილ ზურგზე, დაუყოვნებლად.
-შენ შემოხვედი? - პასუხს, მხოლოდ
კარი მიბრუნებს, ჭრიალებს,
ჩერდება,
ჭრიალებს,
ჭრიალებს...
...გარეთ,
ბავშვივით ნორჩი
მანდარინის ნერგი,
მშობელ მიწას
პატარა ფოთლებით
უნიავებს,
ჰგონია, რომ შველის.

[act 2: ბურდღუნი ტრამალში]

სახლს აღარცერთი ადგილი ჰგავს...
ყველგან უცხო მგონია ჩემი თავი.
აპრილი ზრუნავს ჩემზე,
შეხებას მოკლებულ სხეულზე,
მაფარებს ყინულის საბანს.

-სხვა ვინ გხედავს, ჩემი თვალით?
ან, ჩემნაირად, ვის ჰგონიხარ უცხო?
თუმცა, საკმარისია ისიც,
რომ გიცნობდი, სულ რამდენიმე წამით...
...(ვბურდღუნებ)...

[act 3: ვაჟასეული მელანქოლია]

ლურჯი ზამთარი 
ამ მელანქოლიას,
თითქოს 
ყველა დანარჩენს უთმობს,
გაზაფხულიდან, 
შემდეგ ზამთრამდე,
სევდაა აღმართული, გოლგოთაზე,
რამდენიმე ჯვრისებრი ხაზით.
...ეზოში, კი,
თეთრ უკვდავებას ლამობს,
გული, 
იღბალზე გამწყრალი.

[act 4: somewhere far]

სარკმელიდან ვხედავ,
ერთმანეთს უცქერენ,
ციტრუსები, ტოტებზე დაბმულნი,
და მიწა - მათი საწყისი - ჩემი სამარე,
წვიმით დამთვრალი.

...და მაინც,
იქნებ,
შენ ხედავ,
ჩემი, 
ლურჯი დაისისებრი 
თვალით?

Fin.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი