თოვლის ლიბრეტო

ოთარ ჭილაძეს

ზღვას ათოვდა და კაფეშიც თოვდა
და ღვინოც თოვლი იყო – გემოთი
და ხელი, თითქოს ხელთათმანს მთხოვდა –
სველი, რომელსაც ასე ველოდი.

მოშრიალებდა შოპენის თოვლიც –
კლავიშებიდან – შორი ლირიკით...
და როგორც ეჭვით დაღლილი ცოლი –
აუზთან ქოლგით იდგა ტირიფი.

უქათქათებდა ფლანელის პლისე
ქვაფენილს და ბრმად ცეკვავდა თოვლი
და ბრამსის ბისზე: ისევ და ისევ
"უკრავდა ბავშვი სტუმრების თხოვნით"...

წრუპავდნენ მარტინს და პინტ–პორტვაინს
და ტორტმანებდა პორტის პორტალი;
თოვლის სიგარეტს სწევდა პორტიე,
თოვლს ატარებდა ტანტრე მომტანიც.

N–ი კვლავ წყენის ეძებდა მიზეზს
და "უმნიშვნელო ყოყმანის მერე"...
აგიზგიზებულ თოვლის ნარგიზებს
გულზე აღვრიდა ამღვრეულ ხერესს.

ცოლი კი: მართლა იდგა აუზთან –
ტირიფის ქოლგით და თოვლის თავშლით;
ეშურებოდა ტაშის პაუზას
და მოცარტ ცრემლებს ყლაპავდა ბავშვი...

თოვდა და თოვლის ქალს გაეტირა:
ფრანტი, გიტარა და სიგარეტი...
და თოვლ–კარეტით – კარტის ჰეტერას
მიაქროლებდა თოვლის ვალეტი!..