რეკვიემი

დღეს როიალი გარდაიცვალა...
სული ამოშრათ შეშლილ კლავიშებს
და პიკის ქალი, თვალცრემლიანი,
უპანაშვიდოდ აფენს აფიშებს.

ჩატუშულია დემარში ტაშის,
ვით ტრავიატა კონცერტი მარტის...
და ცრემლით აცრილ მცივანა ქარში
სიცხიან ნოტებს ფანტავს მოცარტი.

სვავის ფრთასავით სავსავებს ფარდა,
ოტელო ღამეს დაისი უმძიმს...
და ტრაურიან თეატრის კართან
"მთვარის სონატა" ჰკიდია ყუნწით.