საბაქართული


შვილიშვილს - საბა გახარიას

ეს სიტყვა გულში აყვავდა, ვით გულისაბას ყვავილი,
მერმე ხელებში აბალღდა - გულითვე ამოყვანილი.
ამირანისძედ ვიოცე, როს ჩავამთვარდი თვალებში,
ავდექ და, დედიშობილა, გავფუთნე ცის ფართალებში.
ირმის რძე ჩამოვუწველე, არც ხოხბის დამიკლია და
ჯავრისქვაც გავაკბეჩიე, როგორც კი დაკბილიანდა!
ღვთისმშობელს მოვანათლიე - მცხეთას ნადუღი მირონით,
ფასკუნჯის ფრთებით ვუჭალე ლაჟვარდთა სანაპირონი;
უსუპის წარბი ვუმშვილდე, ვამშიე ფარ-ხმლის ხმარება,
დევს რომ უმხარა, გენახათ, იახსრის ახარხარება!..
რთველი ვართველე, რა რთველი - ხართვალა, მტევნებგიდელა,
ტანთ თუთარჩელა ვარჩიე, ღამე გავხადე - დინდგელა;
სამეფო კვართი ვუკვართე, კვერთხიც ვუკურთხე, ისეთი...
მთლა შიშით გადაბაბანდა უკურთხი სამიზგითეთი!
გულს გავეწონე: - ეგების, ვადა იწითნოს - ვადამდე!..
ორბის ფრთით შემოვუთარგე - ნიკოფსით დარუბანდამდე...
“დედაენიდან” ამოვსხი ანბანსისხამა იები,
ხან სული მიუნიავა, ხან - წამწამ-ფარფალიები.
“სიტყვის კონაც” რომ გავშალე... ნეტაი, თავად გეხილათ,
ვით ალაღდა და აბაღდა - მაღლარ სიტყვათა ხეხილად!
ფარშევანგის ფრთა მოვართვი, ვით ვაკადრებდი ბატისას,
მაფშალიამაც ურშვინა, ჭირიმე იმ ნისკარტისა.
გულის გრაალით დავლოცე: - მტერიმც გეხილოს ძლეული,
ღვთისენად ამოგემხილოს ის ფარულზოსიმეული!..
აწ მართლა უნდა იმეფოს - ვეფხისტყავშემოკვართულმა,
დედოფალსიტყვა მოჰგვარეთ, რომ ძეც შვას საბაქართულმა!

წყარო: www.biblioteka.litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი