გადარჩენა


სულ არაფერი
მომხდარა თითქოს.
გამთენიისას
თოლიის ბარტყი
სწავლობდა ფრენას,
ერკინებოდა
ზღვის თავზე ქარებს.
ცა ჩამოიქცა,შეირყა მიწა,
როცა
სიცოცხლეს ვუთხარი,
რომ ვერ შევიყვარე.
თუმც არ ვიმჩნევდი
ამ ნათქვამს მწარეს,
უგულისყუროდ,
გავცქეროდი,
ნაცნობ პეიზაჟს.
მზე დამიბნელდა
სულ ერთი წამით
თვალთახედვიდან
გადამეკარგა
გაქრა, ვრცელი ზღვა
სასოწარკვეთის
მოვარდა ტალღა,
მან გამიტაცა,
გაუსაძლისი
ტკივილის ზღვარზე
მე გავიგონე
გედის სიმღერა
ჰარმონიული
სამყაროს ბგერა.
კამერტონივით
გავიმეორე
სულ ერთი ნოტი
გავიბრძოლე და
გულმა მიგრძნო,
რომ ახლოა პორტი,

დავინახე
ედემის ბაღის
მწვანე მიწა მე,
გადარჩენილმა
ღმერთი ვიწამე -
როცა სიკვდილის
მიჯნაზე მოვხვდი,
უკვდავებაში
გარდავიცვალე.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი