წასვლა წვიმაში


გიყურებ.
გზისპირას დგახარ.
სიგარეტს ეწევი უჩვეულოდ,
ტუჩის კუთხეში
ცერით და საჩვენებლით გიჭირავს.
სიგიჟის ხიწვია,
შენს დახვეწილ ცხოვრებას რომ
უკვე ურევს,
თავის აგდების და
შარის ჩამოგდების
ნიჭი გაქვს.
ვიცი,
წასული ხარ
მალე ჩემს დღეებსაც
უშენო ღამეები
უშნოდ დამარცვლავენ.
ტალღებად გამაცლიან
პრიალა საწოლზე
არეკლილ ნატერფლებს.
ჩემთვის
წა-რ-სული ხარ.
ბოლო მოსახვევში
მანქანის ფანჯრიდან
გულგრილად გადავცალე,
შენზე ნაფიქრალის
ნამწვით გავსებული
ლითონის საფერფლე.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი