ევფრატწაღებული ყვავილები


მთვარე მომყვა,
შენს ცარიელ ოთახში, ჩემო სატრფოვ,
საყვედურად მოვედი,
შენ არა ხარ...
ყურანიდან ამოღებული,
სამი, გამხმარი ყვავილი დაგიტოვე ზეწარზე
წერილთან.
წერილშიც სამჯერ:
გშორდები,
გშორდები,
გშორდები.
ვერ გაპატიებ ნაღალატევო,
რომ არ მომელოდი გალათას ხიდთან,
ვოლიერზე დასაბელებული ავაზის სევდით 
და მონატრებით შენკენ მომავალ, უბედურ სოჰრაბს, 
თრიაქით მთვრალი უფლისწულებისთვის
ცეკვავდი, ნასყიდარ ხასასავით
და ღიმილით მაღრიბულ სიმღერებს უმღეროდი,
ცოდვილ,
მეწამულისფერ, 
თვალებბოროტებს,
წყეულო!
არ გაგონდებოდი საბრალო, 
ქვიშებს აყოლილი მოხეტიალე,
შენკენ მომავალი.
ახლა კი,
მთვარე მოვიყვანე მოწმედ, შენს ოთახში,
რომ დავდო არდაბრუნების ფიცი,
აღვუწერო ჩვენი სიყვარულის ღამეები,
ალიზით ნაგები ნატვრები 
და ვუთხრა,
მთვარევ, ამიერითგან ნუღარ გამინათებ გზას,
მომკვდარა ჩემი სატრფო,
მუტრიბებთან ერთად ართობს თოფქაფელებს
და საკუთარი ხელით ასმევს შარბათს ჟინმორეულ ვაჟებს,
დროა სამხრეთისკენ გავიკვალო გზა,
შვუერთდე ტარიკათტა წვეულებას
და დავსახლდე ქვიშების უსასრულო სამეფოში.
გშორდები ჩემო სატრფოვ,
სახეცვლილო,
მალაქიტის გამჭვირვალებადაკარგულო,
საგოდებელზე მიმაქვს ჩემი სიყვარული,
დავმარხავ ნემსიყლაპიების სამარის გვერდით
და ვიგლოვებ, 
ძირს დაყრილ,
თუთასვით ფეხითგასრესილ ოცნებებს,
ვპირდები მთვარეს,
ჩემო, ათასჯერ წაკითხული პერგამენტივით შებღალულო სატრფოვ,
აღარ მოვალ, 
უცეკვე შენ, უდარდელ უფლისწულებს 
და გაატანე ჩემი გამხმარი ყვავილები ევფრატის დინებას
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი