თბილისური გაზაფხული


ყინვის ქურქში შეიპარა გაზაფხული
და მოქარგა კაბა ჭრელი, ბრდღვიალა.
დათბა, ყინვა გაიპარა დაზაფრული
და თბილისმაც კაბა ააფრიალა.

შეეყარათ ხეებს ახლა ბატონები
და ტოტებზე დააყარათ კვირტებმა;
მეტეხთან კლდეს კვლავ ბავშვივით ვეტოლები,
მახსოვს, რომ აქ სუროს ცრემლი მიკვირდა...

მზე ჩამოდნა, ვტკბები მტკვარზე ტივის ცქერით,
,,ღვინის აღმართს" ფაიტონიც გამოსცდა;
ვახტანგ მეფეს აღუმართავს მაღლა ხელი,
სალამს უძღვნის ,,ქართლის დედას" საოცარს.

აქვე, ხიდზე მივაბიჯებ, მეწვის ტერფი,
თითქოს კვლავაც ასვენია ხატები;
ასი ათას მოწამესაც გულით ვეტრფი
და ვამაყობ სჯულის ერთგულ ქართველით.

მეიდანზე თონის ლავაშს ავარდნილი
ოხშივარი, კვირტის სურნელს ერევა.
ავუყვები აღმართს ზამთრის პანაშვიდით,
თბილის ქალაქს არ მოვაკლებ ფერებას.

მივეყრდნობი ნარიყალას ციხის კედელს,
გადმოვხედავ ტაძრის გუმბათს საუფლოს,
დაბლა მწვანედ მოღაღანეს ვუცქერ ედემს,
აქ ქვაც ტკბილად წინაპრებზე საუბრობს.

იასამანს მოუწყვიტავს გოგოს ბიჭი,
გაჰყვებიან ნარიყალას ბილიკებს;
ქარი მოვა თავნება და სულ მაქვს იჭვი,
კვირტის ფურცლებს ყველას ჩამოგვირიგებს.

ჩამოქარგა გაზაფხულმა კაბის ფარჩა,
მზემაც თვალი გაახილა ბრიალა,
სითბოს ვსუნთქავ, ზამთრის სუსხი აღარ დარჩა
და თბილისმაც კაბა ააფრიალა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი