ქვაბისხევის ფრესკა


(ბორჯომის ხეობაში, ქვაბისხევის სოფლის მახლობლად დგას წმინდა მარიამის მიძინების სახელობის ქვაბისხევის უძველესი ეკლესია. აქ ფრესკებს შორისაა მდიდრულად ჩაცმული ქალისა და მამაკაცის გამოსახულება, რომელთაც ასომთავრულით აწერია: „შოთაი და იაი“. ლეგენდის მიხედვით, მამაკაცი - შოთა რუსთაველი, ხოლო ქალი დედამისია).

შრიალებს ვერხვი და მოჩხრიალებს,
მთას მოწყვეტილი ქვაბისხეულა,
ვერ იამებენ ფოთლის იარებს
ტოტები, ქარში ჩამორხეული.

გალობენ ტაძრის ბებერი ქვები,
საუკუნეებს ფერი აქვთ ბაცი
და ქვაბისხევის სდუმს მონასტერი,
კლდეზე შემდგარი, როგორც ბრძენკაცი.

ფრესკაზე ხელებს აღაპყრობს შოთა,
სულს მითბობს მისი ყმაწვილი სახე
ისევე, როგორც იმ მოყმის შფოთვა,
ვეფხის ტყავში რომ მჭმუნვარე ვნახე.

ჭაბუკი კვლავაც ვიხილო, ვნატრობ,
გზასაც არ ჰქონდეს სტუმრისგან მოცლა;
ჯვრის მონასტერში, მხცოვანთან მარტო,
ისმოდეს მშვიდად ქართველის ლოცვა.

ბუმბერაზობა მისი მამუნჯებს,
ქვაბისხევს მადლი საუფლო მოსავს
და ლოცვით ვფურცლავ ერის საუნჯეს,
საგოგმანებელ ,,ვეფხისტყაოსანს"!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი