მინი პოეზია:


***

მხარზე პლედივით მოვიხვიე წლები, წასული,
გზებზე დავტოვე ასწლოვანი ბზა და ურთხმელი,
რითმებში ვქარგე ჩემი, თქვენი, ქვეყნის წარსული,
ცოტა ვთქვი, მაგრამ ბევრი დამრჩა ჯერაც უთქმელი.

2017 წ.

°°°°°°°°

***
ჩანჩქერო, მთის ანასხლეტო,
გადმოქაფქაფდი კლდეზედა,
გადმოიტანე დარდები,
მიმოაბნიე მზეზედა.
ლხინმოუბარი ჩამოჰყევ,
ჩამორაკრაკდი ხევზედა,
შეგეგებება მდინარე,
წამოგიდგება ზეზედა.

°°°°°°

***
რა სიბნელეა, გულწრფელობის როცა კვდება მზე,
როცა ფიქრებიც გამოძერწილ სხვენში სხდებიან;
ღმერთო, მაჩვენე, ერთგულება სისხლს რომ კვებავდეს,
მასმინე: - ქართველს სიყვარულში ეჯიბრებიან!

°°°°°

***
მთებო, მითხარით, რა იცით,
ვიდრე ცა სეტყვას დაყრიდეს;
სალი კლდე როგორ დაიცდის,
ცის ქუხილზე არ აყვირდეს.

°°°°°

***
სიყვარულს სულ არ ადარდებს ყინვა
და არ აფიქრებს თოვლი, ზამთარი;
ბუმბერაზობით აჭარბებს მყინვარს,
მზეზე მცხუნვარეს ათბობს ხანძარი.
აგვისტოს ხვატში, ანდა ავდარში,
თუნდ იანვარში ღრუბლების რემა,
ჰო, სულერთია, ვიდრე ღადარში,
მას ხოშკაკალა არ შეერევა.

°°°°°°

***
ვამბობ, არ მიყვარს ზამთრის სიცივე,
მაგრამ კვლავ ვნატრობ მინდვრად თეთრ საბანს,
იანვარს ფიფქად რომ ჩამოცვივა,
ნაძვებთან ერთად ტილოს მოხატავს
და ზამთრის ბოლოს, მიწის საბანი,
თუ ძველებურად სითეთრეს ბედავს,
მიყვარს იქიდან თვალებფახულა,
ლურჯი ია რომ გამოიხედავს.

°′°°°′°°

***
(პანდემიისას)

დღეს საფლავებზე ვერ მიგვაქვს კვერცხი,
ვიღაცა დარდობს, ვიღაც მკრეხელობს...
ხიბლი არა მაქვს ოცდაათ ვერცხლის,
მამა მიცხონე, ნაზარეველო!

2020 წ.

°°°°°°°

***
ყველა სხეულში ვეძებდი ჯერ სულს
და საწყისამდე ვგრძნობდი დასასრულს.

°°°′°°°

***
მზე გავაცილე:
- გამოიძინე!
- დილით შევხვდებით!
- გელი უთუოდ...
მთვარემ წამწამზე დამისვა ხელი
და მიეშველა დაღლილ ქუთუთოს.

°°°°′°′

***

დღესასწაულებს კალენდარზე ფერი აქვთ მკვეთრი:
 ნარინჯისფერი, შავი, ლურჯი, ხშირად წითელი,
მაგრამ არსებობს კალენდარი საკუთრივ ერთი - 
ინიშნავ რიცხვებს და ფიქრებით მუდამ იქ რჩები.

°°°°°°°°

***

დაიბადა. ნაზარეთში დაიბადა,
მშობლებს, ნატვრით, თვალი ჰქონდათ ნამიანი...
ქრისტეც გვიშვა, ჩვენს დედადაც დაივანა,
 დაიბადა ღვთის მშობელი მარიამი!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი