დედაშვილობა


თუკი მკითხავენ, ჩემი სულის დღესასწაულზე,
ფიქრი რად მინდა? ივნისის ოცი!
როცა ვიგრძენი იმ პატარა ხელის შეხება,
ჩემს სხეულში რომ ცხრა თვე ვათბობდი
და ახლა თითქმის ყოველდღე ვკოცნი.
ყოფიერების მეამბოხე, პატარა ბიჭო,
ჩემი ცხოვრების ხარ გულისცემა;
ყოველი ძარღვი, სადაც ჩემი სისხლი დაგიდის,
ვაზის ყლორტივით უნდა ვახარო
და ჩემი ზრუნვაც ფესვებიდან გადმოგეცემა,
რადგან უფალმა მისახსოვრა მე შენი თავი,
უცებ ავივსე, როგორც ხელადა;
მივხვდი, როდესაც მიწის სუნში ჭიაღუები
გამათავებენ, შენში დავრჩები,
ეს იქნება ვრცელი ბალადა...
შენი შობიდან წლები ძვირფას ქვებად ისხმება
და მიგროვდება მძივები მარჯნის,
თან სხვანაირად ლამაზია ყოველი დილა,
როცა მზის დარად შენ თვალებს ახელ
და ვგრძნობ რიტმულ პულსს სათუთი მაჯის.
ასე მგონია, ავად რომ ხარ და რაღაც გტკივა,
თან დარდიანობ (მძიმედ კი არა),
ჭიპლარის ნაცვლად მაშინ თითქოს გულზე მკიდებ ხელს,
ისეთი ძალით იზიდავ შენკენ,
ვგრძნობ მოგლეჯილი გულის იარას.
შენ ირგვლივ, მუდამ მოფუსფუსეს, იქნებ დამირჩეს
და ვერ გავმარგლო ბოლომდე მდელო,
ნუ შეშინდები, ვერ ერევა ადამიანებს,
გულით მზიანებს... ეს კი გახსოვდეს,-
ადამიანი იყავი, ჩემო!
რა დაასრულებს ახლა ამ ლექსს, გულის ქარიშხალს,
ასე რომ უწევს მზესთან ცილობა;
ამ სიყვარულზე უსასრულოდ ვილაპარაკებ,
განა აქვს ზღვარი, ზომა და წონა?!
სასწაულია დედაშვილობა!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი