*** (ალექსანდრე ელერდაშვილის ხსოვნას)


ჯერ დეკემბერმა დამაობლა, ცრემლად დამწრიტა,
ახლა მაისმა გადათელა ნატკენი სული;
ფრთამოტეხილი დავაბოტებ, თვალის სარკმლიდან
არ მოჩანს ზღვარი ტკივილების და დასასრული.

მაშინ ვამბობდი: - ცა დაემხო მიწაზე ერთხანს,
ახლაც ეს ცაა, რომ მიფორთხავს ხოხვით მილეთში;
ვდგავარ და ვიცლი სულზე შემხმარ ტკივილის მერქანს,
ვეძებ, ვიპოვო საიქიოს ერთი ბილეთი.

რაღა უნდა ვთქვა, როცა ჩვენში დუმს თვითონ ღმერთი?!
როგორ მიყვარს და ვერ ვიგრძენი სურნელი ვარდის,
მისი ფურცლები გაეფინა კაცთა ზღვას ფერხთით
და ეს მაისი ვარდის ნაცვლად ცხელ ცრემლებს ბარდნის.

ჯერ დეკემბერმა დამაობლა, ახლა - მაისმა,
ჯერ სისხლს მოაკლდა ბევრი წვეთი, ახლა - სულს საზრდო;
ხემ ყვავილი რომ ჩამოყარა, ხილი დაისხა,
ღმერთო, ახარე შენც წასულთა შვილები, აწმყო...

ვინც ასე გვიყვარს, მარადმწვანეს ჰგვანან ლავანდებს,
თვითონ ამბობენ, საიმედოდ რაც კი გვჭირდება:
,,შენ, ჩემო სულო, სამყაროში გაინავარდე,
ხოლო სხეული ჭია-ღუას შეეჭიდება."
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი