პატარძალი


დიასახლისობს პატარძალი,
დიდი ხის ჯამი
გაუვსია ჭყინტი ყველით და
თხელ ნაჭრებად ჭრის.
ცეცხლზე შემოდგმულ წყალს ამოწმებს,
უნდა შეათბოს.
პატარძალია, თავს იწონებს,
ასფურცელა სულგუნს ამზადებს.
თან მოუსვენრად,
კარს ხშირ-ხშირად ისე უყურებს,
სწყინს, არ იღება,
არ მოდის ქმარი.

-თებრო, თებროლე, გახსოვს, ასე მელოდებოდი?!.-
ეჩურჩულება ბუხართან მჯდომი ბერიკაცი
ჭაღარა ცოლს და
ეძალება ბაგეს ღიმილი.
თებროც იღიმის,
მატყლის ფთილას მარცხენა ხელით
ჭერისკენ სწევს და მარჯვენა ფეხზე
თითისტარს ისვამს
და კვირისტავით გახელებული, მსუქანი მუცლით,
ციბრუტივით ბზრიალებს ჯოხი,
ძაფსაც სათუთად იხუტებს გულში,
როგორც თებროლეს ნათელი მზერა -
თეთრწვერა ქმარს და თავის პატარძალს...

-ჰა, ბერიკაცო,
შვილიშვილებმა გაგახსენეს ახალგაზრდობა?
მე ისიც მახსოვს,
სახლში როგორ მოიჩქაროდი:
ჭიშკართან მთების მონაყოლ დარდს
ჩამოიხსნიდი,
ჩუმი ნაბიჯით გადმოჭრიდი ეზოს, სოხანეს
და სიყვარულის დარაჯივით გეგებებოდი,
გადმოვიგდებდი მხრებზე ნაწნავებს
და ხილაბანდსაც
საგანგებოდ შევისწორებდი...
-ზამთრის ღამეებს ვუყვებოდით ჩვენს მომავალზე...
ხომ ყველაფერი შევასრულეთ, რასაც ვფიქრობდით?
მითხარი, თებრო, ხომ ყველაფერი... –
და კმაყოფილი მუხლზე ფიჩხს იმტვრევს,
ცეცხლში უკეთებს.
-სადაა შენი შვილიშვილი ნეტავ ამდენხანს?
აფორიაქებს ჩვენს პატარძალს მისი ლოდინი.-
მწყრალად და მაინც,
ტკბილხმიანად ბუტბუტებს თებრო.
მილეულ ფთილას ფრთხილად აბამს უკვე მეორეს,
იმასაც ფაფუკს, ხელშეუხებს პირველ თოვლივით.
-გახსოვს... - ბერიკაცს ახლა უკვე სიტყვა უწყდება,
კარი ჭრიალებს და ოთახში
მზის სხივები ასწრებენ ჭაბუკს,
ერთი მოხრილი მკლავი იტევს
ახლა მის გულსაც
და კესანებსაც, რომელთაც სახლში
ეგებება თვით გაზაფხული,
სიფრიფანა და ბაგეღიმილა.
...დაგვიანების დანაშაული უკვე ცხადია!
ფირუზის მძივებს ჩამოჰგვანან ჭაბუკის მკლავში,
ცის თვალები უციმციმებთ და
ზღვისფერთვალება პატარძალთან
ლურჯ ტალღებს ჰგვანან...
ბაგიდან თეთრმა მარგალიტმა გამოანათა,
ხელი მოჰხვია ცის ანასხლეტ ფირუზის კონას
და თბილი მზერით, ქმარს სიმშვიდე შემოაქსოვა.

ოთახში ოთხი გული სძგერა
ბედნიერებით წერდა ბალადას,
ეპიკურ ჟანრის... ლირიკული გადახვევებით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი