მოდინახე


(ლეგენდის თანახმად, თავად პაპუნა წერეთლისათვის თავად დავით აბაშიძეს დამოყვრებაზე უარი უთქვამს, უციხო წვივშავიძეს ქალს როგორ მივცემო. გაბრაზებულ თავადაზნაურობას პაპუნასთვის დავითზე გალაშქრება შეუთავაზებია, მაგრამ მან ძმათა სისხლისღვრას ოფლის ღვრა ამჯობინა.
პაპუნამ ციხის შენება დაიწყო და როცა დაამთავრა, დავითს შეუთვალა „მოდი, ნახეო"!
მოდინახეს ციხე (ხშირად მეფეთა თავშესაფარი) მომსწრეა უამრავი ლაშქრობის, ბრძოლისა და გმირობის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ქაიხოსრო წერეთლის მეუღლის ქეთევანის თავდადება, რომელიც ბრძოლისას თვითონ იდგა ქვემეხთან).

ლეგენდას ჰყვება სიყვარულით ნაგები ციხე,
მოსასხამივით დაჰფენია მსუბუქად ხავსი
ქვებზე, რომელიც თვალშეუვლებ ქარგას ქმნის ცისკენ
და საგალობელს დაჰღაღადებს ანგელოზთ დასი.

სიყვარულით რომ ქმნიდნენ მუდამ ლექსს თუ პოემას,
მაშინ ვიღაცა ყოველ ქვაში გულს დებდა მზიანს,
ციხის ქონგურიც სურდა მაღლა მზისთვის მოება,
მერე ამაყად ,,მოდი, ნახე" ეთქვა მადლიანს.

მიჯნურის გულში ჩახვეული ფიქრის გორგალი
ეძებდა ხსნას და აფიქრებდა, თუ გზა სად არი?!
და აღმოცენდა სადიდებლად ოდა ორგვარი,
კლდის საძირკველზე დარბაზები, მეფის სადარი.

...ყოველთვის, როცა ცა პირს შეკრავს არშიით ღრუბლის
და მერე ნისლი დაედება მთას, კლდეს თუ ველებს,
ჰო, უსათუოდ უნდა ნახო ამ ციხის ზღურბლი
და იმის იქით სხვა სამყარო მთლად გაგახელებს.

არც მიწისაა, უთქვამს ბრძენკაცს, და არც ზეცისა
და ეს სიმაღლე ღმერთისეულ სულში გახედებს;
რა სიყვარული უნდა შეძლო, როგორ ეცადო,
შენი ქმნილება თვალწინ შლიდეს სამოთხის ხედებს.

ქონგურზე ლაღი მოლაღური ხმებს ქარში ლამბავს
და დაბლა უცქერს საირაო სივრცეს არწივის,
შორით ჩიხურა აბუბუნებს ქვემეხის ამბავს,
რომ აქვე დარჩა ქეთევანის სულის ნაწილი...

ამშვენებს ციხეს, ცას შეკიდულს, მშვიდი აისი,
კარი ჩამოჰგავს ძველ სტიქარში მუხლმოყრილ მნათეს,
გვეპატიჟება იმერული სიდარბაისლით:
- წლები ამაყი მხრებით მომაქვს და მოდი, ნახე!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი