მიხაკებიანი მავთულხლართი


(2011 წელს საოკუპაციო ძალებმა ხურვალეთში, დათა ვანიშვილის სახლის წინ
მავთულხლართი გააბეს. სახლი და მიწის ნაკვეთი სხვადასხვა მხარეს მოექცა.
ბევრჯერ შესთავაზეს, უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, მაგრამ ბოლომდე
სამშობლოს ერთგული დარჩა. 2021 წლის 19 მარტს 88 წლის გარდაიცვალა და
ანდერძად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, სახლის შენარჩუნება
დაიბარა).

ცრემლი წამოსკდა მავთულხლართთან ამოსულ იას,
დათა პაპასგან ნაფერები მიწა მოქარგა,
თვალი შეავლო გადარკალულ მავთულის ქარგას,
მიხაკები რომ შემოესხა ტანზე სრულიად...

მარტი მოვიდა, მოიყოლა ფურისულებიც
და ეზოებსაც გულისპირზე აბნია ღილად,
არ სცნო საზღვარი, შეაპარა სუყველგან ფრთხილად
და გააცოცხლა მიწის პირზე ნაზი სულები.

მარტი გაყოფილ მამულშიაც სუნთქავს, სულს აფრქვევს,
თურმე გაზაფხულს პულსი იქით, გული აქ უცემს;
ვერ დაჩოქებულ გმირებისთვის გადაშლის ფურცელს
მემატიანე და სახელებს ამაყად არქმევს.

გადაჭრილ ვაზის ლერწებს ჩუქნის ცრემლებს ბუნება,
როცა ფესვები მყარია და ნაამაგარი,
შვილებით გამთბარ კერიაზე უფრო მაგარი,
უფრო ძლიერი გულს სხვა რაღა ესალბუნება?!

ომია, ომი, მავთულხლართის გვჩხვლეტენ ხიჭვები
გულზე და ყოფენ ჩვენს უტკბილეს მამულს და ოჯახს,
როცა დღეს ერში არც კეისრის გული არ მოჩანს,
გმირების მხრებზე იმედი დგას, ფერხთით იჭვები.

...უბრალოდ გაქრა, არ ისმოდა წკრიალი რვალის,
ოთახში კვარი, მობუტბუტე, ღმერთს ეჯდა გულში;
თავის პაპისკენ გზას გაუყვა ამაყი გუშინ
და გვიანდერძა ერთგულება მიწის, საძვალის.

მარტი მოვიდა, მავთულხლართზე ვარდი, მიხაკი
ბეღურებივით ჩამომსხდარნი წერენ აქ ნოტებს;
ღმერთო, მაშორე, მავთული რომ ქართველს აოტებს
და თანახმა ვარ, მეც სიცოცხლით გავიღო ხარკი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი