*** (მესტუმრა ბინდი)


***
მესტუმრა ბინდი (ვარსკვლავების არის მთოვარი),
აბორგდა წელში გადახრილი, ნამგალა მთვარე.
ამ დროს უჩუმრად მწუხარების მოდის მსტოვარი
და ვითვლი დღეებს, ცრემლებივით რომ გადავღვარე.
ახმაურებულ ჭრიჭინების ვუსმენ არიას
და სადღაც ჭოტი შემომძახის, გადარეული;
თმას რომ ეხება, მონაბერი, სუსტი ქარია,
მზარავს, მგონია, ხელის სუსხი, ის, შორეული...
ალიგიერის კომედიას ვფურცლავ უძილო,
მზერით ჩავივლი ჯოჯოხეთის ყველა საფეხურს;
ღამის წყვდიადში ვერ გავუძლებ, მშვიდად ვუცქირო,
ლუციფერის წინ წეწვა-გლეჯით გამართულ ფერხულს.
ვეძებ სიმშვიდეს... ბეატრიჩეს სულს ჩავისახლებ,
შევევედრები, ვიმათხოვრებ შექსპირის კალამს...
ჩემში რომ ახლა უშიშარი ქალღმერთი სახლობს,
თვით კასიუსი ვერ აკადრებს უდიერ სალამს.
მესტუმრა ბინდი და რა დიდხანს გაგრძელდა ღამე.
შემოვიარე მთა და ველი, მხარეც კლდიანი;
არ დამრჩენია ჭიუხები, პატარა მღვიმეც,
სანდო კი არა, ვერსად ვნახე ადამიანი!
...ბინდი მესტუმრა!..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი