***. (მზეს ველოდები)


მზეს ველოდები, 
როგორც მეთევზე,
ცამ კი დამთოვა  ფიფქების ღრუბლით
და მენატრება 
ზღვა და ხმელეთის 
შუა მდებარე ფაფუკი ზღურბლი. 

ხელის მტევნებზე 
ყინვის მარწუხებს
ფრთხილად ვიშორებ ლურჯი თათმანით,
თან მიყვარს, 
მაგრამ თანაც მაწუხებს 
ცივი, უმზეო , თეთრი ზამთარი.

როგორც მეთევზე 
სიმშვიდით ელის,
ანკესთან მოსვლას თევზის ქარავნის,
ასე მდუმარედ 
გვეცვლება ფერი
(იყო გუშინ და დღეს კი... არარის)!

უცნაურია 
ცხოვრების ეტლი,
ჩამოგვარიგებს ნაცვალსახელებს:
მე, 
შენ, 
ის 
გულით 
სხვადასხვას ვეტრფით,
და არსებითად სულ სხვა  გვახელებს.

მიყვარს ზაფხულის 
ცხელ მზესთან ცეკვა
და გაზაფხულის მოსვლა კვირტებად,
მინდა, ცხოვრებაც 
მზიანი მეცვას,
ერთი ფიფქიც რომ გამიკვირდება.
1 კომენტარი
მიშიკო ხალიჩაშვილიპოეტი9 თვის წინ

შესანიშნავი ლექსია

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი