ფერიცვალება


გამოიხურავს სახლის კარს წყრომით,
ოჯახის დარდსაც ქუჩაში ფანტავს, 
მისი ნაბიჯი, მძიმე და მწყობრი,
საკუთარ სევდას გამვლელებს  ატანს.
ამ სიმსუბუქეს ნარნარი ტანის
და მოხდენილი მოჰყვება როკვა;
ქურქში გახვეულს თან მიაქვს ლამის
ქათინაურად დაღვრილთა ოხვრა...
---
...როცა არ არის ნავსაყუდელი 
სახლი და შვებას არსაით ლანდავს,
როცა სახლს არ აქვს მტკიცე კედელი,
ობობასავით ძაფებით ბლანდავს.
მიხურავს კარს და მოგროვილ დარდებს 
მოაბნევს ქუჩას, გათვლა აქვს ერთი,
რომ მეეზოვე ურნაში ჩატევს,
მხილველი მხოლოდ იქნება ღმერთი. 
---
...ბრუნდება სახლში, არ ტყდება ნავსი,
კვლავ კარის ზღურბლთან ფერი ეცვლება,
ისევ ის განცდა,  სიცივის მსგავსი,
ხვდება და თუკი არ გაეცლება,
ყოველი დილა იქნება ერთი, 
ქურქით გავა თუ ახალი კაბით,
ქათინაური ეყრება ფერხთით,
შინ დაბრუნდება ჩვეული ამბით.
...როცა იქცევა მელანქოლიად
წლები, რაც იყო თავბრუდამხვევი,
შვებაა, თქვას, რომ  სულ არ ჰყოლია
თანასწორი და გულის თანმხლები.
ამ დროს ურწმუნო ხდება, ვით თომა,
მისთვის მადლია ალბათ თაბორი...
რომ არ შეუდგეს  სვე-ბედის გმობას,
იუდას დარად არ ჰყოს ამბორი...
---
ფერიცვალება იწყება მერე,
როცა ტკივილი წარსულს ბარდება...
იპოვის უფალს და დაიჯერებს,
რომ სიყვარული კვლავ იბადება!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი