პაემანი


ვზივართ მყუდრო კაფეს მაგიდასთან ორნი;
- ყავას მიირთმევ თუ ჩაის? - ელი პასუხს.
ყავის მოტრფიალეს ხმა მიწყდება მგონი
და შენც მზრუნველ იმიჯს ირგებ, ასე მაცდურს,
ამბობ: - გვიანია, ჩაი დაგველია...
ყავის დუღილია ახლა ეს მოთმენა, 
დღეს რად მოინდომე ნერვის იდილია
და შენი აზრების ლამბაქზე მოფენა?!
წყენას ღიმილით ვმკურნალობ, კაეშანი
ფინჯანში თავს იხრჩობს, ყლუპებს ვსვამ გაგებით...
ჰო, ასე იწყება თურმე პაემანი,
მერე ყველაფერი ნებაა განგების.


2016 წ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი