სახსოვარი


დარბაზი, ჰოლი და კონსიერჟი,
სასტუმრო ჩაფლული ნაძვებში;
ღიმილის ჩვეული პასაჟით
პასუხებს მორჩილად გვაძლევენ.

დარბაზში გვხვდებიან სტუმრებიც:
არაბი, არაბი, არაბი...
ძაძისფერ ნიქაბში მდუმარედ
მოუჩანთ შავ-შავი თვალები.

- we came! - მოისმის მკვეთრი ხმა, 
ვაბრუნებ ზღურბლისკენ ფრთხილად თავს.
 აქ გვესმის: ,,მობრძანდით, გეთაყვა!"
და იქით: ,,Come and visit us!"

ვერ სწვდება მზერა აქ ხალიჩის
სიგრძეს და იქ სადღაც, ბოლოდან,
ვიღაცა სიმღერას განიცდის
და განცდას მივყავართ მხოლოდ და

ვეშვებით სავარძლის სიღრმეში,
ვისმენთ ყანჩელსა და კახიძეს,
ნეტარი ბგერების მიმღები,
მზად ხარ რომ ასტრალში გახვიდე.

დილის მზე მოჰყვება გრილ სიოს
და ყავა ,,ესპრესოს" სურნელიც.
ჰოლში მიმავალი მუსიეს
მზერა თან მოგვყვება უძღები...

დარბაზის იღება კვლავ კარი,
ზღურბლს იქით სხვა ხმა და წესია.
თემაა გრძნობების საპყარი, 
იწყება კვლავ კონფერენცია.
 
სასტუმრო ,,ბორჯომი-ლიკანი",
შორს სკვერი ინახავს ძველ სახეს,
ჩვეულ ემოციის სიჭარბით,
ვსტუმრობთ რომანოვთა სასახლეს.

თუმც კი აღარ არის აქ უკვე
პეპლებით მორთული კედლები,
სავარძელს ორმხრივს და გაბუტულ 
წყვილებსაც აქ ვეღარ შეხვდებით.

სევდაა ძველთაძველ კედლებზე,
კიბეზე ბალახი გართხმულა.
დაბერდა ვით არისტოკრატი,
მძივად აქვს ის წლები ასხმული.

სრულდება ბორჯომში სტუმრობა
და სკივრში ვალაგებ შთამბეჭდავ
დღეების ნუსხას და ბოლოში
სწავლით გატკბილებულ ბევრ დღესაც. 

აქ ფერად პერანგებს იცვლიდა
ღამე, გათეული მუზასთან,
და ეს ლამპიონიც, ციმციმა,
წამწამზე მორგებულ უზანგს ჰგავს.

ამ დღეთა ეპილოგს ის ქარი
შეუდგა, რომ იცნობს მსოფლიო...
და ახლა შინისკენ ვიჩქარით
მარი, თეონა და სოფიო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი