ხასიათი


ცას ვგავარ ახლა,
მთელი დღე დარდი ვაგროვე და
ღრუბლებად ვკონე.
ვერ მოვითმინე,
ჭექა-ქუხილი შემეპარა წკრიალა ხმაში,
ვიბობოქრე და
შეუცნობი გახდა მიმიკა,
ისე, როგორც ქარაშოტის დიდი ქაოსი.
და როგორც ელვა-ჭექის შემდეგ 
კოკისპირული და ხანმოკლე 
წვიმა დარდებს ცლის,
ჩამოვიწრიტე. 
ახლა ნელ-ნელა ღრუბლებს ვფანტავ, 
ვთავისუფლდები, 
ხოლო დილით კი,
ამოწმენდილ თვალებს გავახელ და 
ღრუბლის ნარჩენს მაშინღა დავთმობ,
როცა საყვარლად შემომცინებს 
ჩემი მზე - შვილი.

თქვენ მე არ მიცნობთ. 
ჰო, ცას მიმიგავს ხასიათი და
ახლაც მშვიდად
ჩემს ვარკვლავებს ვალაგებ მწყობრად
და სიტყვებს ვკინძავ,
მერე ფრაზებს, 
ტაეპებს, ლექსებს. 
ვარსკვლავთმრიცხველო,
ჩემი ალბათ, მხოლოდ შენ გესმის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი