ალაკრული ბროწეულები ( ლიკა ქავჟარაძეს)


გაზაფხული ხომ ისევ მოვა
ყვავილთა თოვლით
და ბროწეულიც ისევ დახსნის
ლამაზად კვირტებს.
გამოანათებს ცეცხლისფერად 
ღაწვები ხორბლის
და მზის სილაღე დაგვავიწყებს
ტკივილის ფიქრებს,

მაგრამ დღეს სევდა შემოსულა
სულის პატრონად,-
როგორ დავტოვეთ ნაზი ვარდი
ბალახში ველად!
დღეს მარადიას მრავლისმთქმელი
დუმილი გვმოსავს,-
ყველაზე ლამაზს სილამაზე
ექცა სასჯელად.

უთქმელი დარდი ყველას გვახრჩობს
ვერ შეფერების,
ვერ დაფასების, ვერ შემკობის
ღვთიურ მშვენების.
დღეს ცრემლებს ვატანთ უშურველად,
ფერებ-ფერებით,
გუშინ ტალახს არ ვიშურებდით
ჩვენივ ხელებით...

თუ ციციკორეს სიტყვა კვლავაც
განაჩენია,
გაიყიდება სამართალი 
ისევ გროშებზე;
ჩვენს მზეჯავარა გოგოს ნატვრა
კვლავ დარჩენია...
აქ ქალამნებიც გაიცვლება
ალბათ ქოშებზე

და არა მარტო... გაიცვლება 
ისევ გედია
მდიდარ შეთეზე სადედოფლო
ძოწეულებით...
რაც არ იცვლება, გაზაფხულის
დრო და ფერია,
მარიტას ეზოს ალაკრული
ბროწეულები.

ისევ იფეთქებს, ისევ მოვა
გაზაფხულები!..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი