ერთ(ი) გული


(ყველა ჩემს მეგობარს)

მხარი გაწუხებს?
დამეყრდენი, ნუღარ ორჭოფობ,
მე მეგობრობა
ასეთი და ამგვარი მესმის;
ჩიტის რძე თუკი
მოგიშუშებს ნატკენ ჭრილობას,
ჰო, შევეცდები,
ის ჩიტის რძე ვიშოვო შენთვის.

ახლაც და მერეც
მე ვიქნები ხარი წიქარა,
ვერ დამაბრკოლებს
ცხრა კლიტე და ცხრა რკინის კარი
და რომ დაგჭირდეს,
ცხრა მთას ფეხით გადმოვიქროლებ,
მერე შენს ომშიც
საიმედო ვიქნები ფარი.

ერთი პულსი გვაქვს,
მეგობარო, ერთ ჰაერს ვსუნთქავთ,
ხან ახლოს მყავხარ,
ხანაც მივქრი ვით ნებიერა
და თუკი სადმე
მისი ბედიც ამოვისუნთქე,
გახსოვდეს, შენთვის
წუთიც, წამიც მებედნიერა.

მე ის ვარ, შენ რომ
თვალახვეულს და ქარაფთან მდგომს
შემოგაბრუნებს,
უსათუოდ ჩაგიკრავს მკერდში,
რატომღაც დღის და 
ღამის ფერი რომ ვერაფრით თმობს,
მაგრამ მეგობარს
მზის სხივივით პოულობს ღმერთში...

ჩემი ვენები
ისე იწყებს დახეთქვას თითქოს,
რომ აზვირთებაც
ზედმეტია ახლა ამ სისხლის.
შენ ის გჭირდება?
წვეთად არა, უფრო მეტს გითმობ
და არ აგითვლი, 
აგიწონი ადლით და მისხლით.

თუ დაგჭირდება,
მენდე, ცოტნეც ვიქნები შენთვის,
ოცდაათ ვერცხლსაც
ვერ დამითვლი შენ მე ჯიბეში,
მამლის ყივილზე
ვიამაყებ, რომ ვარ შენს გვერდით
და ვისაც უნდა,
სიყვარულში გავეჯიბრები.

მხარი იტკინე?
დამეყრდენი! მინდოდა მეთქვა,
ნუ მეკითხები,
ამ ცხოვრებამ თუ მე რა მიყო.
ოღონდ სულ მცირე,
ერთი გულის მასმინე ფეთქვა,
რომელსაც ორად
არასოდეს არსად გამიყოფ!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი