,,ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე"


მე ახლა პასექის 
ვარ ერთი სტუმარი, 
ქრისტეს სისხლს ვიღებ და
ამბორს ვდებ ბარძიმზე,
რატომღაც ჩემი მაქვს
აზრი და გუმანი
თუ რატომ უარმყვეს 
და ვერცხლზე გამყიდეს.
დღეს მეც ზეთისხილის
ბაღში ჩავიმუხლე,
დღეს მეც მამა ღმერთთან 
დავშვერი ლოცვებით;
რა დიდი ყოფილა,
უფალო, შენი გზა,
თითქოს გიპოვე და 
შენ მაინც მშორდები.
ამ გზაზე მეც ვნახე
პილატე, რიფსიმე,
ხალხი ვერ მოღლილი 
უაზრო ყბედობით
და სინედრიონში
ფსალმუნნიც ვისმინე,
სიტყვებიც კანონზე
დავით და ერთობით.
მხრებზე რომ ამკიდეს
ტვირთად დიდი ჯვარი,
მეც შემომეშველა
ვინმე კირინელი;
ლუციფერს არ ჰქონდა
ახლა ამის ჯავრი, 
ისიც ეკლის გვირგვინს
წნავდა მორიდებით...
წყალი ვითხოვე და 
შემასვეს მეც ძმარი, 
მტევნები დამიხვრიტეს 
ჟანგიან სამსჭვალით;
თუმც სულ არ მტკიოდა
არც ხორცი, არც ძვალი,
სული მაკივლებდა
დარდისგან დამჭკნარი.
ეგოიზმს და ცინიზმს
აუტყდათ ზეობა,
(მაგრამ ზეციერთან
არა ჭრის არც ქრთამი)
და ჩემი სული რომ
სიკეთით მზეობდა,
თვალში სხივი ჰქონდა 
ლუციფერს გამქრალი.
არ მერგო საფლავი, 
ჯვარზე ვარ მე ახლაც
და ვბღავი უფლისთვის
მიძღვნილი ბატკანი;
თუმცა ჯერ სიკვდილიც
ვერ და არ მეახლა,
ვჩურჩულებ: ,,ელი, ელი
ლამა საბაქთანი?!"
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი