მინი პოეზია:


მინი პოეზია:

♡♡♡♡♡♡♡
ზაფხულის ქარი

მზემ მოიქნია მარჯვედ მარაო, 
დარაბებს მტვრისგან ასდით არმური.
ქარი ტოტებზე ზის და ქანაობს,
ცელქობს წარბ-წამწამ გადაკალმული;
სხივების მძივი წყალზე ნანაობს, 
ქარში დაფანტულ-გადაკარგული.

♡♡♡♡♡♡♡○○○♡♡♡♡♡♡♡
***
ცამ ყველა სევდა გამოიტირა
და ახლა ღრუბლით იმშრალებს თვალებს. 

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
      გაზაფხულისპირს

გუდაში ჩაძვრა თეთრი ზამთარი,
თეთრ კვირტს მუცელი თითქოს არ უჩანს,
მაგრამ ალაგდა სუსხის ამქარი
და ერთ ღამეში გაჩნდა ალუჩა.

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
სევდამ, რომელმაც შემომიღო დახშული კარი,
მასპინძლად დარჩა ყველა ნაოჭში;
ახლა მე ვსტუმრობ, როცა რწმენის მიქრება კვარი
და დავაბოტებ ცრემლის ჭაობში.

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
ქუხს წიწამურთან სველი დამბაჩა;
 ვაი, რომ ყველა ღმერთის შვილია!
შუბლს რომ ესროლეს, სული გადარჩა, 
ფრესკაზე ღიმი უკრთის ილიას!

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
დედა ენა

რა ძალა შეგწევს,
გაჩენის დღიდან,
კინძავ და ფურცლავ მემატიანეს?!
საუნჯევ ტკბილო, 
დედაო ენავ,
ძარღვებში  სისხლთან ერთად ტრიალებ!

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡

***
ჩამოიხოკა ზეცამ ლოყები
და გულსაკლავად ჰკივის ოლოლი.
ქარმა დაწეწა მატყლის ფთილები,
ცას მოსდებია ბამბის ბულული.
მხოლოდ ბუნების შიშით ფხიზლდები, 
ადამიანო, ,,სულით ობოლო"!

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
მეტიჩარა ივლისმა შემოისხა,
 მხარზე უცნაური ქურქი;
მზე თვლემს რუხ ღრუბელზე ყოველ სისხამს, 
ღრუბელს შემოაცვდა ქერქი
და წვიმს...

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
დამტირი, ცაო,
ნეტავ მოსთქვამ რას?
როგორ ვეცადო
მე შენს მოქრთამვას?
შეაშრე ცრემლი 
ღრუბლის თეთრ ლოყებს,
რომ მზესთან ბევრი
ბალადა მოვყვე!

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
ნუთუ შენ ტირი ცაო,
მეგონა ჩემი...
არ დაგველია ცრემლი
სადაფის ფერი.
აღარც ცა არის ლურჯი,
ფრიალებს ნისლი.
პიგმენტი ჭარბობს რუხი,
მწვანეა ისლი...
დარდს მოიშორებ, მენდე
წვიმის ზვარაკით,
შენ მზე გაგიშრობს ცრემლებს,
მე კი არავინ!

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
სამშობლო

შენი კედლების ვარ კირითხურო
და თერძი მიწის, ასე დაშლილის;
გული მაქვს დიდი, სურვილს ვკითხულობ,
რომ შიგ ჩაგიკრა შენ ფრთებგაშლილი.

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
შიში

სულში შემოდგომის შემოდგომა,
გულში შეციების შემოჩენა;
შემომეხიზნება, შემაჟრჟოლებს
შიში, შემოდგომის შემორჩენის.

შემდეგ შლეგიანი შემოქმედი
შურით შეპყრობილი შემაჩერებს;
სულში შემოდგომის შემოდგომის
შიში, უსათუოდ შემაჩვენებს!

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
მაფიქრებს სახლი
საყდარივით
მშვიდი, პატარა
და ლოკოკინა, 
იმედი რომ 
ზურგით ატარა.
სახლი კი არა, 
დარდი დამაქვს
ასე ბოხჩებით;
მაინც ღიმილი
დამაჩნდება, 
როცა მოვკვდები!

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
შემოგახედებ,
ჩემს ლექსებში
მოგცემ თბილ ბინას;
გამოუყევი
რითმის კიბეს,
ბწკარის ბილიკებს.
მინდა, რომ ერთად 
გვახარებდეს
ყოველი დილა
და ლექსიც გრნობდეს
შენი სახის
მშვიდ, თბილ მიმიკებს!

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
რუხი ღრუბელი თუ ატყვევებს
გონებას, თვალებს.
ბავშვობის გზებზე შემომდგარი
ავითვლი წამებს,
ვბრუნდები უკან, მოგონების
ლამაზ ხვეულში
და სევდის ფურცლებს ურნას ვჩუქნი
გადახეულებს.

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
კარი გაიღო
და შემოვიდა,
სიცარიელე
შემოჰყვა სიოს...
შენს ჰაერს ვსუნთქავ
ასე შორიდან
და ისევ ვცდილობ,
გადაგეჩვიო!

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
გაბმულ მავთულზე 
რომ გავკიდო ეს გული ახლა,
სისხლისგან არა, 
ცრემლებისგან დაიწრიტება...

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
მომაფენენ
ფრთაფარფატა
ფიქრს ფერები,
ფრთით და ფუნჯით
ფურცლებს ფრთხილად 
ვეფერები!!!

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
გადავურჩი ფიქრის ზვავებს,
ვერ დამმარხა სეტყვამ დარდის,
დაგიჩემე, სუნთქვა შენი
ჩემს გულს ზომავს დიდი ადლით.
კოკობ-კვირტის კოკორიდან
გულში გამეშალე ვარდი;
ხომ იცი, გზას არ დაჰკარგავს 
სანთელ-საკმეველის მადლი!

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
31   აგვისტო

დავიღალეო, ბრძანა ზაფხულმა
და ცხვირწინ კარი მომიჯახუნა!..

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
ხომ შეიძლება, შეჩერდე, წვიმავ, 
მთელი დღე მოსთქვამ და გული მტკივა.
(ღრუბელმა ღრუბელს გააწნა სილა,
 მზე შეარიგებს ალბათ ხვალ დილას)...
მე კი ზღვა მელის და მეც ველი მზეს.
შავო ღრუბლებო, უნდა შერიგდეთ!

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
სილამაზეს სულ არ უნდა დიდება,
თვალი უნდა შორს მჭვრეტელი და ფრთხილი;
სიმახინჯეს არ სჭირდება მიგნება,
ყურთასმენა უნდა მხოლოდ მახვილი!

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
სამადლობელი

გმადლობთ, უფალო, რომ მცირედი
მომეცი ნიჭი,
რომ სატანჯველი მაშორე მე სხვა...
ნიჭი მომეცი,
რომ სასწაული ვიწამო შენი
და აი, მე მწამს!

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
კუდმაკრატელა მერცხალი
რატომღაც შემოგვეყვარა.
ნეტავ, სულ ყველა ბრუნდება?
...იქნებ ეჩვევა ქვეყანას?!

გულით და გრძნობით სულ ვწყალობ,
მშობელი ქვეყნის ერთგულებს.
რა საოცარი ძალა აქვთ
პაწაწკინტელა ბეღურებს!

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
მოგეფერები,
დაგიკოცნი
თაფლისფერ თვალებს,
მერე გაგითევ
სასთუმალთან
უკუნეთ ღამეს!

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
მინდა წამიდან 
მექცე წუთებად,
მერე დღე-ღამის
იყო ცდუნება...

არ გაჩნდეს კითხვა,
ისე მინდა თქვა,
რომ ყველაფერზე 
მეტად გიყვარვარ!..

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
ბედნიერება ხარ,
,,ყველა" ხარ იცოდე. 
უძირო, უსაზღვრო
და ტკბილი სიცოცხლე.
ცხოვრების აზრად და
მალამოდ გაჩნდი.
ძალიან ,,დიდი" ხარ,
პატარა დაჩი!

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
(დაჩის)

იმედი, სუნთქვა და გულის ფეთქვა, 
თბილი, თაკარა, მუდამ მზიანი;
უკიდეგანოდ და უსასრულოდ
მიყვარს ეს ციცქნა ადამიანი!

♡♡♡♡♡♡♡○○♡♡♡♡♡♡♡
***
სუნთქვით ვისრუტავ სტრიქონებს სევდის,
ვტუქსავ თავგასულ და სულელ სიოს,
ფსალმუნს  საყდარში შესული ვისმენ,
სულს რომ სხივები შემოესიოს.
გადმომსისინებს სარკმელში გესლით,
სახლთან მოსული ავსული სუსხი,
სითბო მიოსებს ჩემს სნეულ სხეულს,
კარს და დარაბებს არავის ვუხსნი.
ვსუნთქავ სტრიქონებს!

მარი თაბაგარი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი