მიტოვებული


სიჩუმე ბუდობს, შესდგომია კედლებს სიცივე.
სახლის სახურავს ეპარება ღრუბლების მოთქმა...
- მიგატოვესო?! - შემზარავად ქარი სისინებს
და გამოკეტილ კარის ურდულს გაუდის ოხვრა.

სახურავიდან შეპარული წვიმა ნებივრობს,
კედლებზე ტოვებს კვალს ზოლად და ჩნდება ღრუები,
ძველი განჯინა თითქოს წერდეს თავის ეპილოგს,
დაჰფუთფუთებენ ბებერ გულში ჭიაღუები.

აივნის ბოძზე, თავს რომ იხრჩობს ლურსმანზე კაბა,
შემორღვევია საყელო და ირგვლივ მკლავები.
სწორედ ასეა მორღვეული ჭიშკართან გზა და
ძირს გაწოლილი ღობე, უკვე ერთი მტკაველი.

ჩამოსძენძია ეზოს გულში ტოტები ტირიფს,
ყვითელ, გულაბ მსხალს შესევია ათასი მწერი;
ეზო და ოდა ერთნაირად მოსთქვამს და ტირის,-
უპატრონობა, აი, ქვეყნის, ბუნების მტერი.

ცის ტატნობამდე აწოწილა კენწერო ალვის,
თვალს ვერ გაუწვდენ აშოლტილი ტანის სიმაღლეს;
იქვე ძველი სკა წვრილ ფეხებზე ბარბაცებს, ლამის
ძირს დაენარცხოს, წუხს და ეძებს თავის სიმართლეს...

ოდესღაც როკვით მორაკრაკე იხრჩობა წყაროც,
წვეთებს აშორებს პაუზები, მოწყურებულებს.
სახლის კედელი შემოდგომის ჩამოჰგავს პანოს,
ნესტიან ტანს კი გადაცმული ხავსი დაჰყურებს.

ქარის კივილში ავადმყოფი ქოშინებს ოდა,
მტვრიან ფანჯრებზე სუროები ავლებენ ხელებს,
წვიმას, თოვლსა და ქარბორბალას მოილევს, ჰოდა,
თავის გულის დარდს გულსაკლავად წამოახველებს.

ტყიდან შრიალით ამხნევებენ დიდი ჭადრები,
წერილებივით ქარს ატანენ ფოთლების რემას.
ამ შემოდგომას თან გაჰყვება მსგავსი კადრები
და თეთრი თოვლი ამოიდგამს სუსხიან ენას...

ნეკერჩხლის ტოტზე შემომჯდარი ღაბუა ჩიტი,
ღაჟღაჟა ფოთოლს გააცილებს სევდის არიით,
დაელოდება ხის ტოტებზე გამოსხმას კვირტის
და ზამთრის წასვლას შეადარებს მსხვრევას გალიის.

...ისევ დადგება გაზაფხულის თბილი საღამო,
ააწიოკებს ქარი კვლავაც კვირტების ქორწილს,
თავწამოყოფილ იის სურნელს, ასე საამოს,
სიო ღრუბელთან აიტანს და ლამაზად მოწვიმს.

აქ ბებერ ოდას გაზაფხული დასვამს მზის კეცზე,
ათინათს მხარზე სიხარულად თან დაიფენსო;
კერია ისევ ივარვარებს, ვინ ჰკარგავს ფესვებს?!
უსულო კუნძი, ნაფოტია კაცი უფესვო!

თუ გონებაში დრო წარსულის საათებს ტვიფრავს,
ოდესღაც ნახავს... დამარცხდება დღეები თალხი;
ურთულესია, მამა-პაპის გაჰყვე ნატერფალს,
უთბილესია მოგებება მშობლიურ სახლის!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი