„შენ ხარ ვენახი“


სინორჩით ყვავის ვაზის ლერწი, ქარვის მტევანი,
თვით შენ ხარ ყლორტი ახლადრგული, მოსაფერები,
დედაო ღვთისავ, მაგ თვალების მადლი მამშვიდებს
და ყრმა იესოს მოხვეული თბილი ხელები...

გულში ჩაკრული შვილის სუნთქვა დედის შვებაა,
ნაწამებ შვილის სხეული კი უგვანო ტანჯვა;
მეც დედის ხვედრით გამომასხა ფრთები უფალმა
და სიყვარულის გენია კი მუცლიდან დამყვა.

არ მომიშალო, ღვთისმშობელო, ეს სიყვარული,
ნუ გამიწვიმებ და ნუ შეკრავ ღრუბელს ცის თაღზე,
მადლი მოიღე, ჩემს სამშობლოს შენი წყალობა
ბედნიერებად გვირგვინივით დაადგი თავზე.

ვიცი, გაგწვდება, ღვთისმშობელო, ნიკოფსიიდან
დარუბანდამდე გადმოშალე მადლად ეგ კალთა,
ედემს ამსგავსე წილნაყარი ეს შენი მიწა
და ამოძირკვე ერთიანად მტარვალი მახრა.

ქალებს აჩუქე მოტიტინე ანგელოზები
და ყველა კაცის მხარს დაადგი უღელი მტკიცე;
ხერხეულიძის დედას კვლავაც ჩაუდგი სული
და მოამზადე საქართველო კვლავ სადავითედ.

ამომიკემსე იარები, რომ არ მეტკინოს,
ერთი გოჯიც კი არ დამირჩეს მთელის გარეშე;
ისე მამღერე ,,ჩაკრულო" და ,,მრავალჟამიერ",
ვერ გამიბედოს ახლოს მოსვლა აქ მოთარეშემ.

,,შენ ხარ ვენახი", სალოცავი ქართველთა მოდგმის,
შენ ხარ კარიბჭე უფლის ტაძრის სულთა სამშვენად
და თუ ოდესმე შეჭირვებულს მომადგა ცრემლი,
მოგიხმობ, როგორც შვილი იხმობს დედას საშველად.

ავედრე ჩემი საქართველო ძეს შენსას, დედავ,
აამზიანე და გაშალე იმერ ამიერ,
ტკბილ ,,იავნანას" რომ მღეროდეს ქართველი დედა,
კიდით კიდემდე რომ ისმოდეს ,,მრავალჟამიერ"!
1 კომენტარი
მიშიკო ხალიჩაშვილიპოეტი9 თვის წინ

ძალიან მაგარი !

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი