ჩემი რომ იყო


ჩემი რომ იყო

ჩემი რომ იყო,
დაგიწერდი
უამრავ ლექსს და
წაგაკითხებდი
ბინდის პირზე
მაგ ბუბუნა ხმით.
თავზე გვირგვინით 
ვადიდებდით
საყდარში ღმერთს და
მრწამსის ლოცვაში
გვეცვლებოდა
ფერი ცოტა ხნით.
შემოგაჭდობდი
ყლორტებივით
მზეწვია მკლავებს,
ჩაგჩურჩულებდი,
შეკრთებოდა
ყურის ბიბილოც.
შენი ლექსებიც 
დამატკბობდა
მთვარიან ღამეს.
წაგაკითხებდი
უსათუოდ,
ჩემი რომ იყო. 
ჩამოგიკრეფდი
დილის პირზე
მიმქრალ ვარსკვლავებს,
მზეს მივწვდებოდი,
მთის წვერიდან
გადმოღვრილს ხევში.
შენ რომ დაეძებ,
მოტყუებულ
ავაზასავით,
გაპოვნინებდი
დაკარგულ ნეკნს
ჩემთან და ჩემში.
ჩემი რომ იყო,
გექნებოდა
მეფური პეწი,
იბატონებდი
ამ ჩემს გულში
ვით გილგამეში.
თითებს ჩავრგავდი
შენს ხვიარა
ხუჭუჭა თმებში
და ზუსტად ვიცი,
ეცდებოდი,
არსად გაგეშვი.
არა ენქიდუ,
არც იშთასი,
სულით ხარ მარტო
და იამბიკო
ხსნის ნერვიდან 
მჭიდრო მარწუხებს.
მელანქოლია,
კლიტე გამტყდარ
ტუსაღის მსგავსად,
გაგირბის, მაგრამ 
შენი არ ვარ,
ესეც გაწუხებს.
შენც გქვია სხვისი,
მაგრამ ვერ გფლობს
ასე მარტივად...
ჰორაციუსის
ჰანგით მითვლი
და გრძნობ ვით ბიზე.
მე ვისმენ ოდას,
შენი გულის
ძგერას რომ არ ჰგავს
და კარმენივით
გაფითრებულს
მომიხმობ ბისზე.
ჩემი რომ იყო,
მოვისმენდი
მაგ ბუბუნა ხმას...
ახლა რა მაკრთობს?
ურჩი მზერა
სხვისი ავაზის.
მოსურვილება,
აღტაცება...
და მერე რა ვთქვა?
ჩემი არა ხარ,
არ მჭირდები
სულით ლამაზიც!..
და მაინც... ნეტავ...
ჩემი რომ იყო!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი