ორი სული


ახლა ვიკვირტები გაზაფხულად, 
ტანზე მეტმასნება კაბა თეთრი.
ჩემში ორი სული განაბულა,
ორი გული მიცემს, განა ერთი.

კვირტიც მეპრანჭება ტყემლის ხიდან,
თითქოს მედარება, ვეფერები.
მე მორცხვად და ნაზად თავს ვხრი მშვიდად,
ის კი უსირცხვილოდ იბერება.

მისი კაბა თეთრი, სიფრიფანა
ფრიალებს, მიჰყვება მოსულ სიოს;
ჩემი მოტმასნილი სარაფანა
ცდილობს, პროპორცია დამირღვიოს,

მაგრამ არ მადარდებს წელი, თეძო,
ჩემში სიცოცხლეა განაბული.
უხილავს სულ მინდა ვეალერსო,
რომ ფუთფუთებს როგორც გაზაფხული.

ციცქნა გული უცემს, ჰყვება რიტმებს,
ხან მშვიდად ნებივრობს, ხანაც ცელქობს.
სივრცის სურვილებით როცა მიტევს,
ძილს ჰგვრის ,,იავნანას" ტკბილი ექო.

კვირტი მაინც ურცხვად მედარება,
ჩემებრ გაბერილი და ფერმკრთალი.
(როგორ მომწონს ცხრა თვის ნეტარება,
ლოდინის დღეები მზით შემთბარი).

ის ჩქარობს, სულაც არ ელის ზაფხულს,
დამასწრებს, დასკდება ერთ დღეს ნისლში. 
მე კი ჩემს მოფუთფუთე გაზაფხულს
უთუოდ გავაჩენ თბილ ივნისში.

ქალი ვარ, მერე რა თუკი ჩემში
ორი გულია და ორი სული;
დედას ერთგულებით ვეძებ ღმერთში,
ჯერ კი ვარ ბედნიერი ორსული!..


2008 წლის გაზაფხული
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი