ვენური ვალსი


არეს მოედო მელოდია,
შტრაუსის ნოტი
შემოვისუნთქე და ფილტვებიც
ამივსო რიტმმა.
მეცეკვე ისე,ნუ მომკითხავ,
ვცეკვავდი როდის,
გულის პარკუჭსაც არითმიის
რატომ აქვს რითმა?!.

მეცეკვე ისე, შემოვისხა
წელზე ვით ვაზი
თვალების მზერა მაგიური,
განა ხელები,
ავნარნარდები ნელი ვალსის
რიტმის სინაზით,
ნუ გაცხარდები ველურ ჟინით
განახელები.

ვიცეკვოთ ისე გარინდებით,
დაგვათროს მზერამ,
მერე დაირღვეს დიდებული
თუნდ ეტიკეტიც.
როცა მუსიკა ჰაერივით 
ფილტვებში ძვრება,
გრძნობდეს ვნების ცეცხლს წვივიც, მუხლიც,
ყელიც და კერტიც... 

ვიცეკვოთ ვიდრე მზერა დაწყვეტს
კაბის მხრის თასმებს
და მაგ სვლას კვლავაც არ ერქმევა
ველური ფარსი.
ფრთაშესხმულივით გამოგყვები
მეჯლისის ღამეს,
ვნების დაცლამდე რომ ვიცეკვოთ
ვენური ვალსი.

რადგან მუსიკა ჰაერივით
ფილტვებში ძვრება!..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი